Aa Aa
3 აპრილი 2023  |  12:29

ავსტრალიის ქაოსური გრან პრი მაქსის გამარჯვებით დასრულდა

სამივე მსოფლიო ჩემპიონი პოდიუმზე!

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის მესამე რბოლას ავსტრალიამ უმასპინძლა და მაყურებელმა ბოლო დროს უჩვეულო სანახაობა იხილა: ტრასაზე წითელი დროშები სამჯერ გამოფინეს!

ალბერ პარკზე პილოტებმა 58 წრე გაიარეს. საკმაოდ ქაოსური და მოულოდნელობებით სავსე რბოლის შემდეგ, გამარჯვება მაქს ფერსტაპენმა იზეიმა.

წითელი დროშების, უსაფრთხოების მანქანების და ავარიების სერიის შემდეგ, დიდმა დაბნეულობამ რბოლის დასრულება ცოტა ხნით გადადო, თუმცა, ბოლოს, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მეორეზე ლუის ჰამილტონი გავიდა. ეს ამ სეზონში Mercedes-ის გუნდისთვის პირველი პოდიუმი იყო. ფერნანდო ალონსო კი პირველ სამეულში კიდევ ერთხელ მოხვდა.

რბოლის მიმდინარეობა

ფერსტაპენი შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ პოლ პოზიციას იკავებდა. ნიდერლანდელს ცუდი სტარტი ჰქონდა. მას ორივე Mercedes-მა გადაასწრო. პირველ წრეზე შარლ ლეკლერს ლენს სტროლი შეეჯახა და Ferrari-ს პილოტის რბოლა ისევ ნაადრევად დასრულდა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოყვანა გახდა საჭირო.

მეორედ უსაფრთხოების მანქანა მეშვიდე წრეზე გამოჩნდა, როცა Williams-ის ალექს ალბონი მეშვიდე მოსახვევში კედელს შეეჯახა. ტრასის დეტალებისგან გასაწმენდად, წითელი დროშები გამოფინეს.

არ გაუმართლა ჯორჯ რასელს, რომელიც მანამდე ახალი საბურავებისთვის პიტებში შევიდა და პოზიციები დაკარგა. სხვა პილოტებმა კი უფასო „პიტ სტოპი“ მიიღეს.

რბოლის განახლებისას პირველ პოზიციას ჰამილტონი იკავებდა, თუმცა, მისი ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელდა. მეთერთმეტე წრეზე ბრიტანელს მაქსმა გადაასწრო.

რასელის დღე გაუარესდა, მაშინ, როცა მისი ბოლიდის აგრეგატს ცეცხლი გაუჩნდა და მას რბოლის შეწყვეტა მოუხდა.

ბოლო წრეებზე მაქსი ჰამილტონს 7.5 წამით უსწრებდა და თითქოს ყველაფერი მშვიდად უნდა დასრულებულიყო, როცა მეორე მოსახვევში კევინ მაგნუსენი კედელს შეეჯახა. ტრასაზე წითელი დროშები კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

მესამე რესტარტის დროს ყველაფერი კიდევ უფრო ქაოსური გახდა. მაყურებელმა ავარიების სერია იხილა.

კარლოს საინსი ფერნანდო ალონსოს შეეჯახა. Alpine-ს პილოტებმა ერთმანეთი რბოლიდან გამოთიშეს. ამ არეულობაში მოყვნენ ლოგან სერჟენტი და ნიკ დე ვრისიც.

ტრასაზე ზედმეტად ბევრი დეტალი იყო მიმოფანტული. ამიტომ, წითელი დროშები კიდევ ერთხელ დასჭირდათ.

რბოლის განახლების შემდეგ, პილოტებს ერთმანეთის გადასწრების უფლება აღარ მისცეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მესამე სტარტის შედეგები არ ჩათვალეს და მეოთხე სტარტზე პილოტები ძველი პოზიციებით დააყენეს, თუმცა, მესამე სტარტზე მომხდარისთვის კარლოს საინსი 5 წამით მაინც დააჯარიმეს.

საბოლოოდ, პოდიუმზე სამი მსოფლიო ჩემპიონი ავიდა.

„ემოციების ნამდვილი ატრაქციონი იყო. ძნელი გასარკვევი იყო, რა ხდებოდა ბოლოს, მაგრამ ჩვენთვის კარგი რბოლა გამოვიდა. ლუისმა შესანიშნავად იმუშავა. ვერ მივუახლოვდი და მესამეზე გავედით. მესამე და მეოთხე პოზიცია გუნდისთვის კარგი შედეგია. სამი მესამე ადგილი გვაქვს. მოდით, სიაში უფრო მაღლა ავიწიოთ“, - თქვა ალონსომ რბოლის შემდეგ.

დღის პილოტი

McLaren-ის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ქულების ზონაში პირველად მოხვდა ოსკარ პიასტრი.

დღის მრბოლელი კი სერხიო პერესი გახდა, რომელმაც რბოლა ბოლოდან დაიწყო და გზა მეხუთე ადგილამდე გაიკვლია. ყველაზე სწრაფი წრეც სწორედ მექსიკელმა დააფიქსირა: 1:20.235.

ავსტრალიის გრან პრის შეჯამება

ავსტრალიის გრან პრის საერთო ჯამში, სხვადასხვა მიზეზით, 8 პილოტი გამოეთიშა. ეს რბოლა რთული გამოდგა არამხოლოდ პილოტებისთვის, არამედ რბოლის დირექციისთვისაც, რომლებსაც უმოკლეს დროში არაერთი გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ. განხილვის საკითხი გახდა კარლოს საინსის ჯარიმა და ამდენი წითელი დროშის საჭიროება.

„სიგიჟე იყო... ამ ქულების მიღება გასაოცარია. მეორე ადგილს არ ველოდებოდი. ძალიან მადლიერი ვარ. ბოლიდში თავს ჯერ კიდევ არაკომფორტულად ვგრძნობ. შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ. ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ბოლიდთან კავშირი  ვიგრძნო, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია“, - ასე შეაფასა ლუის ჰამილტონმა თავისი რბოლა.

2021 წლის შემდეგ, ტრასაზე პირველად გამოჩნდა ყოფილი სარბოლო დირექტორი მაიკლ მასი. ჰამილტონმა კითხვაზე, რას ეტყოდა ადამიანს, რომელმაც ტიტული დააკარგვინა, უპასუხა, რომ „სათქმელი არაფერი აქვს“.

შემდეგი რბოლა

შემდეგ რბოლას ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ბაქოს ქუჩებში რბოლა 30 აპრილს გაიმართება. ჩემპიონატში 69 ქულით მაქს ფერსტაპენი ლიდერობს, Red Bull-ის გუნდი კი Aston Martin-ს 58 ქულით უსწრებს.

გაზიარება: