Aa Aa
20 აპრილი 2023  |  09:22

გასული საუკუნის შეჯახების ტესტი: F-150 Vs. Mitsubishi 3000GT

ეს ვიდეო 1990-იან წლებშია გადაღებული.

აშშ-ს საგზატკეცილო უსაფრთხოების ინსტიტუტი (IIHS) 1959 წელს დაარსებული არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც ბაზარზე ახალი ავტომობილების უსაფრთხოებას ამოწმებს. ეს სააგენტო მანქანების შეჯახების ტესტებს რამდენიმე ათწლეულია ასრულებს. მიზანი სხვადასხვა მოდელების სტრუქტურული მთლიანობის შემოწმებაა. ახლახან ინტერნეტსივრცეში შეჯახების ტესტს გადავაწყდით, რომელშიც Ford F-150 და Mitsubishi 3000GT მონაწილეობს. კადრები გასულ საუკუნეშია გადაღებული, თუმცა ძალზედ საინტერესოა.

შეჯახების ეს ტესტი ფინიქსში, არიზონაში ჩაატარეს. სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ რა სიჩქარით შესრულდა ექსპერიმენტი. თუმცა, როგორც ექსპერტებისგან ვიგებთ, მანქანები 70-100 კმ/სთ-ით უნდა გადაადგილდებოდნენ.

ტესტში მონაწილე Ford F-150 1992-1997 წლამდე გამოდიოდა. Mitsubishi 3000GT-ის ეს ვერსია კი 1994-1995 წლებში იწარმოებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც მგზავრების უსაფრთხოების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა. 

მიუხედავად ამისა, შეჯახების შემდეგ კარგად ჩანს, თუ როგორ მძიმედაა დაზიანებული პიკაპი. სურათი საშინელი სანახავია. ამ მანქანას არ ჰქონია უსაფრთხოების ბალიშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მგზავრი, მაღალი ალბათობით, ავარიას შეეწირებოდნენ. ასევე, სრულად დაირღვა მანქანის სტრუქტურული მთლიანობა.

მძიმე სანახავია განადგურებული 3000GT-იც. ეს ხომ საკულტო JDM ავტომობილია, რომელიც დღეს მაღალი ღირებულებით გამოირჩევა! ალბათ, მისი გრძელი ცხვირი გაფიქრებინებდათ, რომ ის ნაკლებად დაზიანდებოდა. თუმცა, არა - ისიც სრულად განადგურდა. Ford-ისგან განსხვავებით, ამ მანქანას უსაფრთხოების ბალიშები აქვს. თუმცა, მძიმედ დეფორმირებული დგარები მიუთითებს, რომ ასეთ მომენტში ამ მანქანაში გადარჩენის შანსები ძალზედ დაბალია.

დღეს რადიკალურად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. მწარმოებლები მგზავრების უსაფრთხოებაზე ისე ზრუნავენ, როგორც არასდროს. ამან მანქანის გაბარიტებისა და წონის გაზრდა გამოიწვია. ეს ბევრ ენთუზიასტს არ მოსწონს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს.

გაზიარება: