Aa Aa
19 აპრილი 2023  |  10:07

მატარებელმა მდიდრული კლასის მანქანებით დატვირთული გადამზიდავი გაიტანა

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის გადამზიდავი მანქანა, რომელიც BMW-ს, Cadillac-ის, Mercedes-ისა და Range Rover-ის მოდელებით იყო დატვირთული, ფლორიდის მატარებელმა გაანადგურა. საბედნიეროდ, მძიმე ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო, რომელიც შუქნიშანზე მწვანე შუქს ელოდებოდა. უცებ მან დააფიქსირა, რომ სატვირთოს პრობლემა ჰქონდა. მალევე კი მატარებელი გამოჩნდა. ეს ყველაფერი ჰოლივუდურ ფილმს ჰგავდა.

„სატვირთომ წინ წასვლა სცადა. ბორბლებმა ტრიალი დაიწყო, მაგრამ მანქანა არ ამოძრავებულა,“ - აცხადებს თვითმხილველი. „მივხვდი, რომ სატვირთო ლიანდაგებზე გაიჭედა. შემდეგ კი დავინახე, რომ მონაკვეთზე მატარებლის გავლის მაუწყებელი ნათურა აინთო. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა“.

მატარებლის გამაყრუებელი სიგნალის მიუხედავად, სატვირთოს მძღოლმა ვერაფერი მოიმოქმედა. სარკინიგზო ტრანსპორტი იმდენად სწრაფად მოდიოდა, რომ გაჩერება ვერ მოასწრო. ასე და ამგვარად, შეჯახება გარდაუვალი გახდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადამზიდავი მანქანის უკანა რიგი მთლიანად მოგლიჯა. ხელშეუხებელი მხოლოდ Range Rover-ისა და BMW-ს SUV-ები დარჩა. უკან არსებული მანქანები კი დარტყმისგან ჰაერში აიჭრა.

მაღალი ალბათობით დაზიანდებოდა მატარებელიც. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ქანაობდა ვაგონები შეჯახებისას. საბედნიეროდ, ყველა მგზავრი უვნებელი გადარჩა.

კარგი ის არის, რომ შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ.

გაზიარება: