Aa Aa
20 აპრილი 2023  |  09:17

Toyota GR Corolla-ს დაზიანებული მოდელები უკვე აუქცონებზე იყიდება

ღირს თუ არა ამ ავტომობილების შეძენა?

Toyota GR Corolla ცხელი ჰეჩბეკია, რომელმაც მოყვარულებისა და კრიტიკოსების გაოცება შეძლო. შედეგად, ამ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. სწორედ ეს იყო ის მიზეზი, რატომაც მანქანა მწარმოებლის მიერ დაწესებულ ფასზე (MSRP) მეტადაც იყიდებოდა. ახლა კი აუქციონებზე სამი დამტვრეული ეგზემპლარია გამოტანილი. მათგან თქვენთვის სასურველის არჩევა კი შესაძლებელია.

Toyota 2023 წლის GR Corolla-ს სამ ვერსიად ყიდის: Core, Circuit და Morizo Edition-ად. სამივე ვერსია ერთმანეთისგან მცირე დეტალებით განსხვავდება. თუმცა, Morizo Edition-ში ყველაზე დიდი სხვაობას სავარძლების მეორე რიგის გაუქმება იძლევა. სამივე ვერსია 3-ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ქარხნულად 300 ცხენის ძალასა და 372 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

ასეთი პატარა ზომის ავტომობილისთვის ეს საკმაოდ დიდი სიმძლავრეა. ამიტომ არ გვიკვირს, რომ ადამიანებმა ამ მანქანის გამო ერთმანეთი დაჭამეს. მაღალი ალბათობით, ასეთი მდგომარეობა იქნება იმ აუქციონებზეც, სადაც ეს დაზიანებული ეგზემპლარებია გამოტანილი. მოდით, თავდაპირველად ეს წითელი GR Corolla განვიხილოთ, რომელსაც მხოლოდ 3 000 მილი აქვს გარბენი. 




მანქანას უკანა ფრთა ისე აქვს დაზიანებული, რომ Fast and Furious-ის დრიფტის სცენის ცუდი დასასრულის ასოციაცია გაგიჩნდებათ. თავისი ადგილიდან არის ამომხტარი უკანა ბორბალი, რაც განივი ბერკეტის დაზიანებაზე მიუთითებს. უცნობია რა მდგომარეობაშია ღერძები, ხიდი ან ამძრავი ლილვი.




შემდეგი ღვინის ფერი GR Corolla-ა. მის ოდომეტრზე 1 786 მილია გამოსახული. ისიც მგზავრის მხარეს არის დაზიანებული, მაგრამ ამ შემთხვევაში წინა მხარეა მწყობრიდან გამოსული. საინტერესო ისაა, რომ წინა ბამპერი და კორპუსის სხვა პანელები გადარჩენილია.



ბოლოს კი თეთრი GR Corolla განვიხილოთ, რომელიც შედარებით მძიმედაა დაზიანებული. დაზიანება აქაც მგზავრის მხარესაა. დაჭეჭყილია ფრთა. დახრილია ბორბალი. ბამპერი კი გატეხილია. ავარიის კვალი მგზავრის კარებზეც და ლარტყაზეც შეინიშნება. ამოვარდნილია უკანა ბამპერიც.

ყველა ეს ავტომობილი აღდგენას ექვემდებარება. თუმცა, მათ გზებზე დასაბრუნებლად სხვადასხვა სამუშაოა გასაწევი. თქვენ რომელს შეიძენდით საპროექტოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: