Aa Aa
23 აპრილი 2023  |  12:27

ამ 1990 წლის Honda Accord-ს 1 მილიონი მილი აქვს გარბენი

მანქანას ზეთი 185-ჯერ შეუცვალეს.

გამართული და მაღალგარბენიანი მანქანების ხილვა ყოველთვის შთამბეჭდავია. ეს ნიშნავს, რომ მანქანამ გამძლეობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამაში დიდი წვლილი მფლობელებსაც აქვთ. მეტიც, მათი დამსახურებაა, რომ ეს ავტომობილები გზებზე ისევ გადაადგილდება. Honda-ს კი ის ავტომწარმოებელია, რომელიც გამძლე და საიმედო მანქანების გამოშვებითაა ცნობილი. ამას ეს 1990 წლის Honda Accord-ი ადასტურებს, რომელსაც მილიონი მილი (1 600 000 კმ) აქვს გავლილი.

ეს ავტომობილი ჯოს ეკუთვნის. შეძენისას მანქანის ოდომეტრზე 74 000 მილი (120 000 კმ) იყო გამოსახული. ის „ჰონდაში“ მუშაობდა და ქვეყნის მასშტაბით სადილეროებში უწევდა მანქანით მოგზაურობა.

ამ ავტომობილს დღეს ქარხნული ძრავა და გადაცემათა კოლოფი აქვს. თუმცა, მანქანას უამრავი სერვისი აქვს ჩატარებული: ძრავის ზეთის შეცვლა 185-ჯერ, ტრანსმისიის ზეთის შეცვლა 31-ჯერ, ძრავის ღვედის შეცვლა 9-ჯერ, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა 13-ჯერ და ა.შ. „აკორდს“ ყველა სერვისი დროულად უტარდებოდა.

მანქანის შეძენამდე კორპუსის რამდენიმე პანელი Honda-ს სადილეროში შეიღება. მანქანა ქვემოდანაც ახალივითაა, რაც შთამბეჭდავია. რატომ? ჯო ზამთარში, მარილიან გზებზე, ხშირად გადაადგილდებოდა.

ხმარების კვალი ინტერიერს დაეტყო. საჭე გაცვეთილია. სავარძლებზე კი მასალაა გადამძვრალი. თუმცა, ამაზე უარეს მდგომარეობაში ბევრად ნაკლებგარბენიანი ავტომობილები გვყავს ნანახი.

ასეთი მიღწევისა და მზრუნველობის გამო, Honda-მ ჯოს ახალი ავტომობილი გადასცა. ასეთი ინიციატივების შესახებ, ალბათ, ხშირად გსმენიათ. მაგალითად, 2007 წელს Toyota-მ მილიონი მილის გარბენის მქონე Tundra-ს მფლობელს ახალი პიკაპი აჩუქა.

2023 წელს Honda-მ მეთერთმეტე თაობის Accord-ი გამოუშვა, რომელიც ჩვენი დღევანდელი გმირისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუმცა, რამდენად გამძლე და საიმედოა ის დრო გვიჩვენებს.

გაზიარება: