Aa Aa
25 აპრილი 2023  |  12:40

კაცს 4 ქურდი ფიზიკურად დაუპირისპირდა და მანქანის გატაცება ვერ მოახერხეს

კონექტიკუტში სახლის წინ გაჩერებული ავტომობილის მოპარვა 4-მა ქურდმა განიზრახა.

აშშ-ში ავტომობილის გატაცება არავის უკვირს. ასეთ ფაქტებზე CrystalAuto-ს პორტალზე ხშირად ვწერთ ხოლმე. თუმცა, შემთხვევა, რომელიც კონექტიკუტის შტატში მოხდა მართლაც შოკის მომგვრელია. კაცმა ავტომობილის ქურდი ფაქტზე დაიჭირა და ფიზიკურად გაუსწორდა. ოფიციალური პირები ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ.

ვიდეო ადგილობრივ ახალ ამბებში გავრცელდა. კაცმა ქურდებს საკუთარი ავტომობილის გატაცების საშუალება არ მისცა. მას ჩხუბი 4 ქურდთან მოუხდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წითელ „ინფინიტს“ ქურდი ჩუმად მიეპარა. ეს ყველაფერი მფლობელმა სახლიდან დაინახა და მაშინვე გარეთ გავარდა. ეს სცენა დაინახეს დანარჩენმა ეჭვმიტანილებმაც და თანამზრახველის დასახმარებლად მანქანიდან გადმოხტნენ. ჩხუბი იქამდე არ შეჩერდა, სანამ ქალმა არ დაიყვირა, რომ პოლიციაში რეკავდა. 

ამის შემდეგ დამნაშავეები შავი ფერის Mercedes Benz-ში ჩასხდნენ და გაიქცნენ. ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამეზობლოში კი ყველა შეშინებულია. Infinity-ის მფლობელი დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მადლობა ღმერთს, რომ სერიოზულად არ დაშავდა. ჩვენს შტატში და ქვეყანაში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ქურდობის ფაქტები მსხვერპლით სრულდება. ხშირად ეჭვმიტანილები შეიარაღებულები არიან,“ - აცხადებს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი.

„ჩვენს განკარგულებაში უამრავი საშუალებაა, რითაც დამნაშავეებს ვიპოვით და დავიჭერთ. ვიცით რამდენად რთულია, როდესაც ადამიანები მოდიან და შენს საკუთრებას იპარავენ,“ დაამატა სერჟანტმა.

მომხდარის შემდეგ, ოფიციალური პირები ფარეხებისა და ავტომობილების ჩაკეტვის რეკომენდაციას გასცემენ.

გაზიარება: