ავარია, არასრულწლოვანი, ავტობუსები
Aa
Aa

მძღოლი გონებას კარგავს და ავტობუსს მეშვიდეკლასელი ბიჭი აჩერებს

მიჩიგანის სკოლის მოსწავლემ გმირობა გამოიჩინა და ავტობუსი შეჯახებისგან იხსნა.

ყველა სუპერგმირი მოსასხამს არ ატარებს. ხანდახან მას უბრალოდ მწვანე ჰუდი აცვია და სკოლიდან სახლში მიდის. ეს 13 წლის დილონ რივზის აღწერაა. მეშვიდე კლასელი ავტობუსში იჯდა, როცა მძღოლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. რივზმა ყველაფერი თავის თავზე აიღო და ბავშვებით სავსე ავტობუსი უსაფრთხოდ გააჩერა.

ავტობუსი მიჩიგანში, დეტროიტში გადაადგილდებოდა. ავტობუსის მძღოლ ქალს თავბრუ დაეხვა და დისპეტჩერს შეატყობინა, რომ გაჩერება სჭირდებოდა. საუბედუროდ, მან გონება მალევე დაკარგა.

რივზი რამდენიმე წამში საჭესთან ჩნდება, მუხრუჭს ფეხს აჭერს და ავტობუსს აჩერებს. შემდეგ კი 9-1-1-ში დარეკვას ითხოვს. ბიჭი შეშფოთებული ჩანს, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებს.

მეშვიდე კლასის მოსწავლემ ავტობუსი შეჯახებისგან იხსნა. ადგილზე სასწრაფო მალევე მივიდა და მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. სკოლის მოსწავლეები კი სხვა ავტობუსში გადასვეს.

ეს ვიდეო მთელ მსოფლიოს ვირუსულად მოედო და ბიჭს გმირს დამსახურებულად ეძახიან. ის ერთადერთი იყო, რომელმაც კრიტიკულ მომენტში ზომების მიღება შეძლო. გაოგნებულმა მშობლებმა კი აღიარეს, რომ პატარაობაში პერიოდულად საჭესთან კალთაში ისვამდნენ და ტარებას ისე ასწავლიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები