Aa Aa
2 მაისი 2023  |  11:37

ამ კლასიკურ Range Rover-ს Tesla-ს 450-ცხენისძალიანი აგრეგატი აქვს

მანქანას ქარხნული ღერძები და კორპუსი აქვს.

Land Rover Range Rover-ი 1969 წლიდან გამოდის. თავდაპირველად, მანქანა 2-კარიანი კონფიგურაციით იყიდებოდა. ის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო. სწორედ ამიტომ, დღეს ეს მოდელი კლასიკად არის მიჩნეული.

თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცას ბრიტანეთში კლასიკური Range Rover-ის გათანამედროვება მოუნდა. ამ სტატიაში სწორედ ამ პროექტის შესახებ მოგიყვებით. ამ ავტომობილით გადაადგილება სრულად ლეგალურია. მას მალე პირველ მფლობელთან გააგზავნიან. იქამდე კი ვირტუალური საავტომობილო საზოგადოება ამ „რესტომოდის“ განხილვას იმსახურებს.


ამ Range Rover Classic-ს Tesla-ს ელექტრო ძალოვანი აგრეგატი აქვს. დაბალგარბენიანი ეგზემპლარიდან 80-კილოვატსაათიანი ბატარეა და ელექტრო მოტორი გადმოიტანეს. მანქანას ტრანსმისიის კბილანების ახალი ნაკრები, ზეთის ტუმბო და ბლოკირებადი ხიდი აქვს. ძალოვანი აგრეგატის პიკური სიმძლავრე 450 ცხენის ძალა და 600 ნიუტონ მეტრია. Tesla-ს ტექნოლოგიის წყალობით, ამ SUV-ის 0-დან 100-მდე აჩქარება 5 წამში შეუძლია.

საინტერესო ისაა, რომ ქარხნული ღერძების შენარჩუნების შედეგად, მანქანას სრულად ამძრავი სისტემაც შეუნარჩუნეს. თუმცა, დამატებითი სიმძლავრის გასამკლავებლად მოდიფიცირება ჩაუტარეს. ძალის მატების გამო გაუმჯობესდა მუხრუჭებიც. სრულად განაახლეს დაკიდების სისტემაც და განივი მდგრადობის სტაბილიზატორებიც.


ბრიტანული კომპანია გვპირდება, რომ მანქანა ერთი სრული დამუხტვით 350 კილომეტრს დაფარავს. სვლის მარაგი გარემო პირობებზეც იქნება დამოკიდებული. სწრაფი დამმუხტველის დახმარებით ბატარეების 20-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა 35 წუთში იქნება შესაძლებელი.

დიზაინერული თვალსაზრისით, კომპანიამ კლასიკური Range Rover-ი თითქმის ხელუხლებელი დატოვა. ეს არც უნდა გვიკვირდეს. ექსტერიერზე ერთადერთი ცვლილება მაშუქებზე შეინიშნება. სალონში კი უფრო მეტი რამაა შეცვლილი. იქ ხარისხიანი მასალებით დამზადებული დეტალები და ბევრი ციფრული მაჩვენებლებია.

„ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ფასი?“ - იფიქრებდა ჩვენი მკითხველი. ამ ავტომობილის ფასი ყველაზე მეტად არ მოგეწონებათ. ბრიტანული კომპანია Range Rover Classic-ის საწყის ფასად 225 000 ბრიტანულ ფუნტს ასახელებს, რაც 280 000$-ის ეკვივალენტია. თუმცა, თუ გავითვალისწინებ იმას, რომ კომპანია წელიწადში მხოლოდ 6 ეგზემპლარს ააწყობს, მაშინ ექსკლუზიურობა ნამდვილად დასაფასებელია.

გაზიარება: