Aa Aa
12 მაისი 2023  |  13:21

ფლორიდაში პოლიციელმა დამნაშავე კლასიკური მანევრით შეაჩერა

21 წლის მძღოლსა და მის 30 წლის მგზავრს მძიმე დანაშაული ედებათ ბრალად.

ახალგაზრდა კაცმა ფლორიდაში ისწავლა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიციისგან თავის დაღწევას დააპირებ. ერთ-ერთ გზატკეცილზე ურჩი მძღოლი ე.წ. PIT მანევრით შეაჩერეს. ამ უკანასკნელ მეთოდს ამერიკელი პოლიციელები ხშირად იყენებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 21 წლის ადამ ქროსბი და 30 წლის სამანტა სიმპსონი ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში იყვნენ ეჭვმიტანილები. პოლიციის დანახვაზე მათ გაქცევა დააპირეს. ასე და ამგვარად დევნაც დაიწყო. 

პოლიციას დამნაშავის Honda Accord-ის თვალთახედვის არეალიდან გაქრობა არ სურდა. სწორედ ამიტომ მათ სპეციალური მანევრი შეასრულეს. სალონიდან გადაღებულ ჩანაწერში ჩანს თუ როგორ მისდევს პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი კანონდამრღვევებს. პოლიციის ერთ-ერთი მანქანა Honda-ს უახლოვდება, მარცხენა კუთხეში ეჯახება და ასრიალებს. ამ მანევრის შედეგად, „აკორდმა“ კონტროლი დაკარგა და გზის გამყოფ ბარიერს შეეჯახა.

აღსანიშნია, რომ ქროსბი ციხიდან ახალი გამოსული იყო. ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაჭერისას კი მას საკმაოდ დიდი სასჯელი ელოდა. სწორედ ამიტომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობა, სახიფათოდ გადაადგილება, პირადობის მოწმობის გაყალბება, მართვის მოწმობის გარეშე მართვა და ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ედება ბრალად. სასამართლო მაისში გაიმართება.

მთელ ამ ისტორიაში პოლიციის სიზუსტე და ოსტატობა მართლაც შთამბეჭდავია. ეს ის მანევრია, რომელიც ამერიკელი პოლიციელებისთვის ტრადიციას წარმოადგენს. ამ ყველაფრის ნახვა კი მოყვარულებში ვიდეო-თამაშის ასოციაციას იწვევს.

გაზიარება: