Aa Aa
29 მაისი 2023  |  13:56

მაქს ფერსტაპენი მონაკოს გრან პრის გამარჯვებულია

მაქს ფერსტაპენი რბოლის დაწყებიდან დომინირებდა, მაგრამ რბოლის ბოლოს მცირეოდენი დრამა მაინც ვიხილეთ. მსოფლიო ჩემპიონმა კვალიფიკაცია მოიგო და შესაბამისად, რბოლა პოლ პოზიციიდან დაიწყო. სტარტზე ალონსომ მისთვის გადასწრება ვერ შეძლო და ნიდერლანდელმა ლიდერობა რბოლის ბოლომდე შეინარჩუნა. რბოლის დასრულებამდე რამდენიმე წრით ადრე გაწვიმდა, თუმცა, გარდამავალმა საბურავებმა თავისი დავალება კარგად შეასრულა.

2023 წლის სეზონის მეექვსე რბოლას მონაკომ უმასპინძლა. მონაკოს ქუჩებში პილოტებმა 78 წრე გაიარეს.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ტრასაზე კვალიფიკაციაზე მაქსმა შესანიშნავი წრე გაიარა და პოლ პოზიციაზე აღმოჩნდა. სტარტზე წინ მალევე გაიჭრა, მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა და ფინიშის ხაზი ფერნანდო ალონსოზე 27 წამით ადრე გადაკვეთა.

„მაკლარენის“ გუნდმა ივარაუდა, რომ 35-ე წრეზე გაწვიმდებოდა, თუმცა, წვიმა 51-ე წრეზე დაიწყო და რბოლის ბოლომდე არ შემწყდარა. 55-ე წრეზე მაქს ფერსტაპენის ბოლიდს გარდამავალი საბურავები დაუყენეს. ნიდერლანდელმა პილოტმა ამ სეზონში მეოთხე და კარიერაში 39-ე გამარჯვება მოიპოვა. ლეგენდარულ ტრასაზე მაქსმა ბოლო 3 რბოლიდან 2-ში გაიმარჯვა.

მონაკოს გრან პრის შემდეგ, მაქს ფერსტაპენი თავის უახლოეს მდევარს, მის გუნდელ სერხიო პერესს 39 ქულით უსწრებს.

„ძალიან კარგია. ეს ნამდვილი მონაკო იყო. ბოლიდი მარტივად ცურდებოდა. ასეთ პირობებში, როცა რბოლის ლიდერი ხარ, არ გინდა ბოლომდე მიაწვე, თუმცა, არც დროის დაკარგვა გინდა. ასეთი სცენარი, რთულია“- თქვა მაქსმა რბოლის შემდეგ.

ესტებან ოკონი და Alpine ამ სეზონში პოდიუმზე პირველად მოხვდნენ. ფრანგმა რბოლა ალონსოს 9 წამით უკან დაასრულა.

„რთული იყო. რბოლა ხისტი საბურავებით დავიწყეთ, ამიტომ, პირველ მოსახვევში შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. სტრატეგიის ხარჯზე ვცდილობდით გამარჯვებას, მაგრამ მაქსი გარდამავალ საბურავებზე იყო. წვიმამ ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა“, - თქვა ალონსომ.

ამ სეზონში ფერსტაპენის მთავარი კონკურენტი სერხიო პერესი მეთექვსმეტე ადგილზე გავიდა. ჩეკომ, კოშმარული კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლა უკანა პოზიციებიდან დაიწყო და ქულების ზონამდე ვერ მივიდა.

კვალიფიკაციის შემდეგ, ლუის ჰამილტონი მეხუთე ადგილს იკავებდა. Mercedes-ის პილოტმა რბოლა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და ყველაზე სწრაფი წრისთვის დამატებითი ქულაც მიითვალა: 1:15.650.

შემდეგი რბოლა ესპანეთში 4 ივნისს გაიმართება. ბარსელონა-კატალონიას ტრასაზე პილოტები 66 წრეს (308, 550კმ-ს) გაივლიან. ამ რბოლას მაქს ფერსტაპენი და Red Bull-ი ჩემპიონატში ქულების კომფორტული სხვაობით შეხვდებიან.

გაზიარება: