Aa Aa
1 ივნისი 2023  |  10:51

დაუდევარი ქუჩის მრბოლელი მაღალ სიჩქარეზე ტაქსის შეეხო და ავარია გამოიწვია

ქუჩის მრბოლელებს ორ ზოლში მანევრის განხორციელება სურდათ, რა დროსაც ტაქსისთან შეჯახება თავიდან ვერ აიცილეს.

CrystalAuto-ს პორტალზე მუდმივად ვწერთ, რომ ქუჩაში რბოლა გაუმართლებელი საქციელია. ამის დასამტკიცებლად უამრავ სტატიასა და ვიდეოს გთავაზობთ, რათა სხვისი შეცდომები თქვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადოთ. თუმცა, დაუდევარ მძღოლებს რა გამოლევს?

შემთხვევა, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ, ისრაელის ერთ-ერთ გზატკეცილზე მოხდა. ქუჩის ორი მრბოლელი გიჟური მანევრის შესრულებას ცდილობდა, რა დროსაც ტაქსის ავტომობილთან შეხება ვერ აიცილეს თავიდან.

მანქანა, რომლიდანაც კადრებია გადაღებული, დაახლოებით 100 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. მის გვერდთ ზოლში, ოდნავ წინ, Renault Megan (ტაქსი) მიდიოდა. უკიდურეს მარცხენა ზოლს კი Kia იკავებდა. მოულოდნელად, ძალზედ მაღალი სიჩქარით, Chevrolet Malibu-მ და Skoda Octavia-მ ჩაიქროლა. Malibu-ს მძღოლმა მანევრის ზუსტად შესრულება ვერ მოახერხა და ტაქსის მცირედით შეეჯახა.

დაუდევარმა მძღოლებმა გზა განაგრძეს, მაგრამ „მეგანს“ უკანა საბურავი დაუზიანდა. შედეგად, მანქანამ კონტროლი დაკარგა და კედლისკენ წავიდა. კედელთან კონტაქტის შემდეგ ავტომობილი 180 გრადუსით დატრიალდა. მასთან შეჯახების თავის არიდება იმ ადამიანმა ძლივს შეძლო, რომლის მანქანიდანაც ეს ავტოსაგზაო შემთხვევაა გადაღებული.

საბედნიეროდ, ტაქსის მძღოლი ავარიას უვნებლად გადაურჩა. თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით მძიმედ დასრულებულიყო. რა ბედი ეწიათ ქუჩის მრბოლელებს უცნობია. სავარაუდოდ, პოლიცია ამ ადამიანებს მიაგნებდა.

ქუჩაში ასეთი მანევრებითა და სიჩქარით ავტომობილის მართვა არამხოლოდ სახიფათო, არამედ არასერიოზულიცაა. ამ ქმედებებით თქვენ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ. თუ რამის დამტკიცება გსურთ ორი შესანიშნავი ალტერნატივა გაქვთ - „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“ და „ლილო არენა“.

გაზიარება: