Aa Aa
19 ივნისი 2023  |  11:34

კანადის გრან პრი: ფერსტაპენი გამარჯვებებით სენას გაუთანაბრდა

მაქს ფერსტაპენი სტარტზე ფერნანდო ალონსოს და ლუის ჰამილტონს დაუსხლტა და ჟილ ვილნევის სახელობის ტრასაზე ამ სეზონში თავისი მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ნიდერლანდელმა პილოტმა ჩემპიონატში ლიდერობა გაზარდა.

2023 წლის სეზონის მერვე რბოლას კანადამ უმასპინძლა. ჟილ ვილნევის სახელობის ტრასაზე პილოტებმა 70 წრე გაიარეს.

ფინიშის ხაზი პირველმა მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა და Red Bull-ის გუნდს ფორმულა 1-ში მეასე გამარჯვება მოუტანა.

ნიდერლანდელმა, რომელიც პირველი წრიდან ბოლომდე რბოლის ლიდერი იყო, 41-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ პილოტ აირტონ სენას გაუთანაბრდა.

მაქსმა რბოლა ფერნანდო ალონსოზე 9.5 წამით ადრე დაასრულა. უკანა მუხრუჭების პრობლემის მიუხედავად, ნანდომ ლუის ჰამილტონის შეკავება მოახერხა. ბრიტანელი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.

პოლ პოზიციიდან რბოლას მაქსი იწყებდა. შაბათის კვალიფიკაციაზე მეორე საუკეთესო წრე ნიკო ჰულკენბერგმა დააფიქსირა. თუმცა, წითელი დროშების რეგულაციების დარღვევის გამო, ჰალკი 3 პოზიციით ჩამოაქვეითეს. მეორე პოზიცია ალონსოს დარჩა, ჰამილტონი და რასელი მესამე და მეოთხე პოზიციიდან იწყებდნენ.

სტარტზე ჰამილტონმა ალონსოს გადაუსწრო, მაქსი კი რბოლის ლიდერად დარჩა.

მეცამეტე წრეზე რასელი ბარიერს შეჯახა. ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი გამოვიდა.

გუნდების უმეტესობამ ამ შანსებით ისარგებლა და გარდამავალი საბურავები ხისტებით შეცვალეს. პიტ სტოპის შემდეგ ტრასაზე რასელის დაბრუნდა.

ბოქსებში Ferrari-ს პილოტი არ შეიყვანეს. ამ სტრატეგიამ გაამართლა და ლეკლერმა და საინსმა პოზიციები მოიგეს.

23-ე წრეზე ალონსომ თავისი პოზიცია დაიბრუნა. რბოლის ბოლოს ესპანელს მუხრუჭების პრობლემა შეექმნა.

რბოლის შემობრუნება ვერ შეძლო ჯორჯ რასელმა. 55-ე წრეზე მისი ბოლიდი საბოლოოდ გაფუჭდა. მისმა გუნდელმა კი ალონსოსთან სხვაობის შემცირება შეძლო, მაგრამ საბოლოოდ საინტერესო სანახაობა ვეტერანი პილოტის გამარჯვებით დასრულდა.

Ferrari-ს პილოტებს კარგი რბოლა ჰქონდათ. ლეკლერმა მეოთხე პოზიცია დაიკავა, საინსმა - მეხუთე.

მეექვსეზე პერესი გავიდა, რომელმაც ქულა ყველაზე სწრაფი წრისთვისაც მიითვალა: 1:14.481

შესანიშნავი რბოლა ჰქონდა Williams-ის ალექს ალბონს, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ამ გამარჯვების შემდეგ მაქს ფერსტაპენზე და სერხიო პერესს ქულებს შორის სხვაობა 69-მდე გაიზარდა.

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

1/70 – 5 წითელი! - ფერსტაპენი წინ გაიჭრა, ალონსოს ჰამილტონმა პირველ მოსახვევში გადაუსწრო!

13/70 - უსაფრთხოების მანქანა - რასელი კედელს შეეჯახა. კედელს ბოლიდის წინა და უკანა ნაწილიც შეეხო. უსაფრთხოების მანქანა გამოდის. რბოლის ლიდერები ბოქსებში შევლენ და ხისტი საბურავებით დაბრუნდებიან.

23/70 - ალონსო ისევ მეორეა! - რამდენიმე წრიანი რბოლის შემდეგ ალონსომ ჰამილტონს გადაასწრო.

42/70 - ფერსტაპენი და ალონსო ბოქსებში შედიან - ალონსოს ბოლიდს ხისტი საბურავები დაუყენეს. Red Bull-მა მაქსისთვის გარდამავალი საბურავები არჩია. პიტ სტოპის შემდეგ, მაქსი ალონსოზე 4.3 წამით წინაა. ალონსო ჰამილტონს 5 წამით უსწრებს.

63/70 - ალონსოს შეუძლია ტემპს მოუმატოს -  Aston Martin-მა ნანდოს ინფორმაცია მიწოდა, რომ ლუისს მხოლოდ 2 წამით უსწრებს და ტემპის მომატების უფლება მიცეს.  

70/70 - მაქსი სენას გაუთანაბრდა - ნიდერლანდელმა კარიერაში 41-ე გამარჯვება მოიპოვა, ალონსო მეორეა, ჰამილტონი მესამე.

შემდეგი რბოლა

შემდეგი რბოლა ავსტრიაში 2 ივლისს გაიმართება. Red Bull რინგზე პილოტები 71 წრეს, 306,578კმ-ს გაივლიან. „ხარების“ გუნდი საშინაო რბოლას კომფორტული უპირატესობით ხვდება. კონსტრუქტორთა თასში ისინი უახლოეს მდევარს, Mercedes-ს გუნდს 154 ქულით უსწრებენ.

გაზიარება: