Aa Aa
21 ივნისი 2023  |  11:11

ამ Ferrari-ს Honda-ს ძრავა აქვს

მოგწონთ თუ არა ეს ყოველივე, ეს პროექტი თავიდან ბოლომდე შთამბეჭდავია.

თუ JDM ავტომობილები გიყვართ და Honda ყველაფერს გირჩევნიათ, მაშინ ამ მწარმოებლის მიერ შექმნილი ძრავის Ferrari-ში ხილვა თქვენთვის საოცარი სანახაობა იქნება. ხოლო თუ იტალიური ავტომობილები ავტოინდუსტრიის მწვერვალად მიგაჩნიათ მაშინ ის, რაზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ გაგაგიჟებთ.

სურათზე და ვიდეოში ნაჩვენები ავტომობილი StanceWorks-ის მიერაა შექმნილი და ის ამ გუნდის ერთ-ერთ წევრს, მაიკს ეკუთვნის. მათ „სუსტი“, „მძიმე“ და „უაზროდ ძვირი“ Ferrari 308 GTBi აიღეს და მისი მოდიფიცირება განიზრახეს. მანქანა უფრო მოქნილი და სწრაფი უნდა გამხდარიყო. ყველაფერი Honda K24 ტურბინიანი ძრავით დაიწყო. მაიკმა ამ აგრეგატს Ferrari-ის გარკვეული ნაწილები მოარგო, რომელთა ჩამონათვალშიც მშრალი კარტერი და გაგრილების სისტემაა.

მაიკის მიზანი ამ Ferrari-ით „თაიმ ათაქზე“ გამოსვლა იყო. ეს დისციპლინა იაპონიაში დაიბადა. რბოლაში გამარჯვებული ისაა, ვინც ტრეკზე ყველაზე სწრაფ დროს აჩვენებს.

Honda-ს ძრავის მქონე Ferrari 308 GTB-ს აეროდინამიკური ვიზუალი და დაბერილი ფრთები აქვს. ადგილზეა დაბალი გვერდითა დანამატები და უზარმაზარი „სპოილერი“. მოდიფიცირების შემდეგ ავტომობილის წონა 1 180 კგ-მდე შემცირდა. აღსანიშნია, რომ მანქანას უსაფრთხოების კარკასი და ყველა საჭირო აღჭურვილობა აქვს. დაბალ წნევაზე ძრავა 640 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

რა შედეგი დადო ამ მანქანამ ტრეკზე? რამდენიმე გასახურებელი წრის შემდეგ ავტომობილის გარკვეული დეტალების ტემპერატურა ოპტიმალურ დონეზე დადგა. მაიკი საჭეს კარგად მოერგო. ასე და ამგვარად, წრის სწრაფად დაფარვის დროც დადგა. აქსელერატორის ბოლომდე მიჭერისას მანქანა ზუსტად ისეთ ბრაზიან ხმას გამოსცემს, როგორც ჩაუხშობელი მაყუცების მქონე S2000. ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე, სანამ ძრავამ ნელ-ნელა ძალის დაკარგვა არ დაიწყო.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი შლანგის მიმჭერი მოეშვა, რაც წნევის შესანარჩუნებლად კრიტიკულ როლს ასრულებდა. ამ შემთხვევის გამო StanceWorks-ის ბიჭებს სახელოსნოში დაბრუნება მოუწიათ. თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც მანქანა გამართულად დადიოდა ჩინებული შედეგი აჩვენა.

ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება. მაიკი და თავისი გუნდი კი სარბოლო ტრეკს მალე დაუბრუნდებიან. 

გაზიარება: