Aa Aa
25 ივნისი 2023  |  13:11

Tesla-ს ძრავის მქონე 1974 წლის ვენი ყველა სხვა ვენზე თანამედროვეა

ძველ მიკრო ავტობუსს Tesla Model 3 Long Range-ის ბატარეები, ელექტრო ძრავა, დაკიდების სისტემა და მუხრუჭები აქვს.

კლასიკური მანქანების კორპუსის ქვეშ თანამედროვე ტექნოლოგიების განთავსებაში რაღაც ჯადოქრული რომ არსებობს ფაქტია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი პროექტი სწორად არის შესრულებული. ამ სტატიაში სწორედ ასეთ ავტომობილზე უნდა მოგიყვეთ. სურათებზე თქვენ Ford E-100 Van-ს ხედავთ, რომელსაც Tesla-ს ძალოვანი აგრეგატი გადაუნერგეს.

თავდაპირველად, დონორი ავტომობილის განხილვით დავიწყოთ. მეორე თაობის Ford E-100-ის დებიუტი 1968 წელს შედგა. ეს აშშ-ში ძალზედ პოპულარული ვენი იყო. სურათზე ნაჩვენები ვერსია ამ მოდელის წარმოების ხაზის ბოლო წელს - 1974 წელსაა გამოსული. ასაკის მიუხედავად, ავტომობილი კარგად გამოიყურება. სამღებრო სამუშაოები იდეალურადაა შესრულებული. ქრომირებული დეტალები კი სარკესავითაა. 



ელექტრო ძრავისა და ბატარეების მორგებისთვის ჯერ შიგაწვის ძრავა ამოიღეს. ბატარეების შეკვრა ვენის იატაკზეა განთავსებული. ერთი ელექტრო ძრავა და დაკიდების სისტემის უკანა მზარე კი Tesla Model 3 Long Range-იდან არის გადმოტანილი. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი სადაზღვევო კომპანიის მიერ იყო ჩამოწერილი. ძალოვანი აგრეგატისა და დაკიდების სისტემის დეტალები კი გადარჩენილი იყო. ალბათ, შეამჩნევდით, რომ არაქარხნულია დისკები, რომლებიც Tesla-ს მუხრუჭებს მალავს.

კომპანიას ტექნიკური დეტალები არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ვიცით, რომ 2020 წლამდე გამოშვებული Model 3 Long Range-ი სრული დამუხტვით 500-დან 530 კმ-მდე ფარავდა. მისი სიმძლავრე კი 283 ცხენის ძალა იყო. Ford E-100-ის აგურივით აეროდინამიკა და მეორადი ბატარეები სვლის მარაგს მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, სიმძლავრე ძველი Ford-ის კორპუსისთვის საკმარისი იქნება.

პროექტის ხორცშესხმაზე Conductive Classics-მა იზრუნა, რომელიც აიდაჰოში დაფუძნებული კომპანია გახლავთ. ელექტრო კლასიკური ავტომობილის პროექტების საწყისი ფასი 45 000$-ს შეადგენს.

თქვენ რა ავტომობილს გადააკეთებდით ამ სტილში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: