Aa Aa
29 ივნისი 2023  |  11:07

Honda Civic-ის ყველაზე შენახული ეგზემპლარი მსოფლიოში

ამ 1992 წლის „სივიკს“ 7 მილი აქვს გარბენი.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში გამოშვებულ პოპულარულ ავტომობილებს კოლექციონერები სანთლით ეძებენ. მაღალი მოთხოვნის გამო, ასეთი მოდელები აუქციონებზე კოლოსალური თანხის სანაცვლოდ იყიდება. რა თქმა უნდა, ავტომობილების მდგომარეობა იდეალური უნდა იყოს. თუმცა, ვერც ერთი იქნება ისე შენახული, როგორც სურათებზე ნაჩვენები 1992 წლის Civic-ი.

ამ „სივიკის“ ოდომეტრზე 7 მილია (12 კმ) გამოსახული. ეს ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით საქმე მსოფლიოში ყველაზე დაბალგარბენიან EG ძარის Civic-თან გვაქვს. ეს ავტომობილი უფრო სამუზეუმო ექსპონატია, ვიდრე ყოველდღიურად გადასაადგილებელი ტრანსპორტი. ეს ყველაფერი არაა. ავტომობილის ე.წ. VIN კოდი 0001-ით მთავრდება. ეს ნიშნავს, რომ საქმე საწარმოო ხაზის პირველ ავტომობილთან გვაქვს.




ასეთი იშვიათი მოდელის შესახებ მსოფლიომ ერთ-ერთი „იუთუბერის“, დილან შარპის ვიდეოდან გაიგო. ის Honda-ს და Acura-ს მოდელების დიდი გულშემატკივარია. მფლობელი აცხადებს, რომ მანქანას მთელი ეს დრო „ჰონდას“ სავარჯიშო დაწესებულებაში აქვს გატარებული. ეს გარემოება კი ასეთ დაბალ გარბენს ხსნის.

ვიდეოში დილანი ამბობს, რომ „სივიკი“ DX პაკეტია, რაც კანადის ბაზრისთვის საბაზისო მოდელს გულისხმობდა. ასეთ ეგზემპლარებს სალონში არ ჰქონდა კონდიცირების სისტემა. ასევე, ქარხნულად გამოდიოდა მგზავრის მხარეს არსებული სარკის გარეშე. მიუხედავად ამისა, კოლექციონერები ამ ავტომობილის სანაცვლოდ მაინც კოლოსალურ თანხას დათმობენ.

ამ „სივიკის“ კაპოტის ქვეშ 1.5-ლიტრიანი, ატმოსფერული, 16-სარქვლიანი ძრავაა განთავსებული, რომელიც 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის 5 სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული. მაღალი ალბათობით, ყველა ეს დეტალი იდეალურ მდგომარეობაში იქნება.

შეიძენდით ამ Civic-ს?

გაზიარება: