Aa Aa
1 აგვისტო 2023  |  11:45

ამ წითელ NSX-ს Tesla-ს ძრავა აქვს: ევოლუცია თუ მარაზმი?

მაღალი ალბათობით, ეს პირველი და უკანასკნელი NSX-ია, რომელსაც Tesla-ს ელექტრო ძრავა და Nissan Leaf-ის ბატარეები აქვს.

ელექტრიფიცირებულ კლასიკურ ავტომობილებზე CrystalAuto-ს ავტოპორტალზე არაერთხელ დაგვიწერია. 2023 წელს უკვე უამრავი კომპანია არსებობს, რომელიც ამ საქმიანობაზე მუშაობს. თუმცა, NSX-ი ის მანქანაა, რომლის ელექტრო აგრეგატითა და ბატარეებით აღჭურვაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველაფერი, რაც ადამიანის გონებას წარმოუდგენია - განხორციელებადია (ყოველ შემთხვევაში, პაბლო პიკასო ასე მიიჩნევდა). შესაბამისად რეალურია NSX-EV-იც.

Tesla-ს ძრავისა და Nissan Leaf-ის ბატარეების მქონე საკულტო იაპონური ავტომობილი აშშ-შია. მფლობელი მას Acura NSX-EV-ის უწოდებს. ავტომობილი ახლახან კალიფორნიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოფინეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ არ არის დასრულებული, ავტომობილს გადაადგილება მაინც შეუძლია.

სანამ პურისტები ტანსაცმლიდან ამოხტებიან ვიტყვით, რომ მფლობელმა ეს მაღალგარბენიანი NSX-ი ქარხნული ძრავის გარეშე შეიძინა. ავტომობილი ქარხნული V6-ის ნაცვლად, Honda-ს K-სერიის 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი.

ბადმა 1994 წლის Acura NSX-ი 2022 წლის მარტში იყიდა. ავტომობილის ოდომეტრზე 368 540 კმ იყო გამოსახული. მანქანასთან ერთად მან 2014 წლის Tesla Model S-ის ელექტრო ძრავა შეიძინა. მოგვიანებით კი ეს აგრეგატი NSX-ის უკანა ნაწილში განათავსა. ეს სპეციალური სამაგრების გამოყენებით მოხერხდა. ვიდეოში ისიც ჩანს, თუ რამდენად დიდი ადგილია დარჩენილი ძრავის განყოფილებაში. Tesla-ს ძრავა ქარხნულ აგრეგატთან შედარებით პატარაა. ბატარეების სისტემის დონორად მფლობელმა Nissan Leaf-ი შეიძინა. ასე და ამგვარად, NSX-EV-ი დაიბადა.

ბადი ფიქრობს, რომ NSX-EV-ის პროექტის დასრულების შემდეგ, ავტომობილი ქარხნულ მოდელთან შედარებით მხოლოდ 181 კგ-ით მძიმე იქნება. ის ფიქრობს, რომ წონის გადანაწილება ისევ 50:50-ზე იქნება. რაც შეეხება წარმადობას, სავარაუდოა, რომ Tesla-ს ძრავის მქონე NSX-ი ქარხნულ 270-ცხენისძალიან V6-ზე უკეთეს შედეგებს დადებს.

როგორ შეაფასებდით ამ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: