Aa Aa
8 ოქტომბერი 2023  |  12:47

ვიღაცამ უიშვიათესი Porsche 959 ჩაწეული შუშებით და გასაღებით დატოვა

ეს ძვირადღირებული Porsche 959 S პროტოტიპი მილიონ დოლარზე მეტი ღირს და ვიღაცამ ქუჩაში ისე დატოვა თითქოს ჯართი იყოს.

ქუჩაში გაჩერებული სუპერავტომობილები უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ასეთი მანქანებთან უამრავი ადამიანი მიდის, ათვალიერებენ, სურათებს უღებენ და ა.შ. ძალზედ რთულია ქუჩაში ისეთ განსაკუთრებულ ავტომობილს გადააწყდე, როგორიც ეს Porsche 959-ია. ამ ავტომობილს მხოლოდ მოყვარულები ცნობენ და მისი ქუჩაში ნახვა ნებისმიერ ეთუზიასტს გააგიჟებს! ეს 959 სან ფრანცისკოს ქუჩაში ისე იყო გაჩერებული, რომ მას ნებისმიერი ადამიანი მოიპარავდა. მანქანის შუშები ჩამოწეული იყო, ხოლო გასაღები მგზავრის სავარძელზე იდო.

Porsche 959-ის ნებისმიერი მოდელი საკმაოდ ძვირადღირებულია. ის სულ 337 ეგზემპლარად არსებობს. მათგან 29 ერთეული 959 S-ის სახელით გამოვიდა და კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ამ ხაზის საწარმოო ვერსიები, იმ პერიოდისთვის, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამოქალაქო ავტომობილი გახლდათ.

Reddit-ის მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული, სურათებზე და ვიდეოზე ნაჩვენები 959 კი საერთოდ სხვა „ლიგაშია“. ეს 959 S პროტოტიპი გახლავთ. როგორც ცნობილია, სულ 3 ასეთი ეგზემპლარი არსებობს და ისეთი მახასიათებლები აქვს, რასაც სხვა 959-ებში ვერ ნახავთ.

ზუსტად ამიტომ არის შოკისმომგვრელი ის სურათი, რაც Reddit-ის მომხმარებლებმა ნახეს. სან ფრანცისკოს ქუჩებში ასეთი განსაკუთრებული ავტომობილი შუშებჩამოწეული იყო გაჩერებული. გასაღები კი მგზავრის სავარძელზე ეგდო.


სურათებისა და ვიდეოს ინტერნეტსივრცეში გავრცელების შემდეგ მომხდარზე ბევრი ვერსია გავრცელდა. ზოგი მიიჩნევს, რომ მფლობელი სოციალურ ექსპერიმენტს ატარებდა და შესაძლოა ირგვლივ კამერები იყო დამონტაჟებული. თუმცა, რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, უიშვიათესი Porsche-ს ასე გამეტება მოყვარულებისთვის თავზარდამცემი სანახავია.

თქვენ რა ვერსია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: