Aa Aa
25 მარტი 2024  |  13:34

Ferrari F50-ის ვერსია, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის

მანქანის ოდომეტრზე 1 900 კილომეტრია გამოსახული.

F50 ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი იტალიური „ულაყია“. ეს გენიალური ავტომობილი 1995-1997 წლებში გამოდიოდა და სულ 349 ეგზემპლარად არსებობს. თუმცა, ძალზედ ცოტა ადამიანმა იცის, რომ მარანელოს ქარხანამ 19 შეზღუდული სერიის მქონე წარმოებამდელი ვერსია გამოუშვია. სურათზე კი სწორედ ამ 19 ავტომობილიდან ერთ-ერთს ხედავთ. ეს მანქანა კიდევ უფრო გამორჩეულია. ის ერთ-ერთია F50-ის ექვსი მოდელიდან, რომელიც ბრუნეის სამეფო ოჯახისთვის შექმნეს.

მდიდარ ავტოკოლექციონერებს ტუზი დაეცათ. ეს უიშვიათესი და განსაკუთრებული F50 გასაყიდადაა გამოტანილი. წარმოებამდე შექმნილ, უიშვიათეს „ფერარის“ სტანდარტული მოდელისგან ბევრი რამ განასხვავებს. მაგალითად, წინ არ გვაქვს სათავსო განყოფილება. კაპოტის ქვეშ ორი ვენტილატორია დამონტაჟებული, რომელთა ცენტრი, შავის ნაცვლად, ოქროსფერია. სათავსო უჯრა და ხელსაწყოების ჩანთა განსხვავებული ფორმისაა. ასევე, განსხვავებულია საქარე მინასთან არსებული პანელი. სტანდარტულ მოდელებს სახურავის ორი სამაგრი აქვს. წარმოებამდე არსებულ 19 ეგზემპლარზე კი ოთხი ასეთი დეტალია. ასევე, განსხვავებულია ექსტერიერისა და ინტერიერის სარკეები, სავარძლები და ტორპედოს დეტალები. 



ვიზუალური განსხვავებით აქ არ მთავრდება. სტანდარტული ვერსიისგან ამ F50-ს მუხრუჭის სუპორტების ფერიც გამოარჩევს. ასევე, მათზე არაა გამოსახული ფერარის ლოგო. ძრავის ხუფი გამჭვირვალე დეტალზე ხრახნები არის დამაგრებული. სერიულ F50-ს კი ეს დეტალი არ უჩანს. 




კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაკიდების სისტემა გახლავთ. წარმოებამდე გამოშვებული F50-ები დაქოქვისას ცხვირს ავტომატურად მცირედით მაღლა სწევს.

ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ეს უიშვიათესი და განსაკუთრებული F50 წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. მის ოდომეტრზე 1 900 კილომეტრია გამოსახული. როგორც ირკვევა, ეს ავტომობილი 1995 წლის ივნისში შეიქმნა. მას შემდეგ რამდენიმე მეპატრონე ჰყავდა. ახლა კი დიდ ბრიტანეთში ბინადრობს.

2018 წელს ავტომობილი Ferrari-ის ექსპერტებმა შეამოწმეს და უტყუარობა დაადასტურეს. ყველა ეს გარემოება კი ამ ავტომობილის ფასზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

გაზიარება: