Aa Aa
18 მარტი 2024  |  17:27

აღმართის დაძლევის ჩემპიონატი დაიწყო - გოგილაშვილის ტრიუმფალური სტარტი

CrystalBet-ის სახელით მონაწილე პილოტმა, თენგო გოგილაშვილმა, პოდიუმზე ასვლა ორჯერ დაიმსახურა!

17 მარტს საქართველოში აღმართის დაძლევის ჩემპიონატი დაიწყო. პირველი ეტაპი წყლულეთის ურთულეს გზაზე ჩატარდა. გზის ეს მონაკვეთი საკმაოდ ვიწროა. ამას მტვრიანი საფარი და ამინდის ხშირი ცვლილებაც დაემატა. ამ რთული პირობების გამო, ღონისძიებას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთ მოსახვევში ჯებირს გიგი მგალობლიშვილი შეეჯახა. საბედნიეროდ, მრბოლელი ავტომობილიდან უვნებლად გადმოვიდა. ამავე მოსახვევში ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა ვანო მძელურიც.

 



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი, აღმართის დაძლევაში, სამ კლასად არის დაყოფილი: 1. 1.9 ლიტრამდე კლასი (იგულისხმება ძრავის მოცულობა); 2. 1.9-დან 3.0-მდე; 3. აბსოლუტი.  

CrystalBet-ის სახელით მოასპარეზე თენგო გოგილაშვილი 1.9-დან 3.0-მდე კატეგორიაში მონაწილეობს. ის BMW 330 Compact-ს მართავს. მოქმედმა ჩემპიონმა 2024 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. წყლულეთის მონაკვეთზე მისი საუკეთესო დრო 2:57.561 იყო. ამ კლასში მეორე საუეთესო დრო ვანო მძელურს ჰქონდა. მონაკვეთი მან 3:01.614-ში დაფარა. მესამე ადგილი კი ვალერი გიორგაძემ დაიკავა.



17 მარტს გოგილაშვილის წარმატება აქ არ დასრულებულა. წყლულეთის ეტაპზე ის იმდენად სწრაფი იყო, რომ პოდიუმზე ასვლა აბსოლუტ კლასშიც მოახერხა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. მეორე პოზიცია წინა წლის ვიცე-ჩემპიონმა, გოგა არჯევანიძემ თანამეწყვილესთან ერთად დაიკავა. არჯევანიძე/ბოჭოიძის ეკიპაჟმა 2:54.688 აჩვენა. ღონისძიებაზე საუკეთესო დრო სანდრო თავართქილაძეს ჰქონდა, რომელმაც 2.49.546 დააფიქსირა.



წყლულეთის ეტაპს თენგო გოგილაშვილი ასე აფასებს:

„აღმართის დაძლევის ამ ეტაპმა ჩემთვის ძალიან წარმატებულად ჩაიარა. გამომდინარე იქიდან, რომ აღმართის დაძლევის ჩემპიონატი წინა წელსაც ამ გზაზე დასრულდა, გზაც მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყო. თუმცა, ადგილზე მოსულ მრბოლელებს სულ სხვა გარემოებები დაგხვდა. გზის საფარი იყო ძალიან მტვრიანი. ზოგ გარბენზე სტარტისას წვიმდა, ხოლო ფინიშზე მზე იყო. ასეთ მოცემულობაში ძალიან რთულია შეინარჩუნო სწორი სარბოლო ტრაექტორიები. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველა გარბენზე და ყველა მოსახვევში საფარი აბსოლუტურად სხვადასხვანაირია.




გასულ წელთან შედარებით, ჩემს ავტომობილზე გარკვეული პარამეტრები შევცვალე. მეც დიდი ინტერესი მქონდა ეს ცვლილებები რა შედეგს მოიტანდა. წინა წლის საუკეთესო მონაცემთან მიმართებით, წელს დრო 4.5 წამით გავაუმჯობესე. როგორც ჩანს, სწორი გადაწყვეტილებები მიმიღია.

საკმაოდ დიდი საბრძოლო განწყობით ვიყავი, რადგან კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა. საბოლოო ჯამში ყველაფრის თავმოყრა მოვახერხე და გამარჯვებას მივაღწიე.“





აღმართის დაძლევის მომდევნო ეტაპი 14 აპრილს გაიმართება. ადგილმდებარეობა, ჯერ-ჯერობით, დაზუსტებული არ არის. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაში დიდგორისა და კოჯრის მონაკვეთებს განიხილავენ.

გაზიარება: