Aa Aa
16 აპრილი 2024  |  14:34

Tesla VS BYD: დომინაცია ელექტრომობილების ბაზარზე

ელექტრომობილების ბაზარს ორი მთავარი დომინანტი ჰყავს: ილონ მასკის Tesla და ჩინური BYD-ი. 2023 წლის მონაცემებით, მათ შორის ლიდერობას კვლავ ამერიკული მწარმოებელი ინარჩუნებს, თუმცა, მომავალ წელს მოცემულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რისი ვარაუდის საშუალებასაც გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგები იძლევა.

TrendForce-ის მონაცემებით, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების (BEV) წამყვანი ათი მწარმოებელი, გლობალური ბაზრის 65%-ს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში, ჩინურმა კონკურენტმა BEV-ის გაყიდვებით Tesla-ს უკვე გადაასწრო, 2024 წლის ბოლოს ბაზრის ლიდერი შესაძლოა სწორედ BYD-ი გახდეს. შედარებისთვის, გასული წლის ბოლო კვარტალში BYD-მა 526,000 ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილი გაყიდა, ხოლო Tesla-მ - 485,000 BEV-ი.

არსებული მდგომარეობით, ბაზრის წილის 19.9% სწორედ მასკის კომპანიას უკავია, ხოლო მეორე უმსხვილესი მოთამაშის სტატუსი - 17.1% - BYD-ის ეკუთვნის. საინტერესოა ისიც, რომ 2022 წელს, ჩინურმა ავტომწარმოებელმა Tesla-ს ელექტრომობილების (EV) საერთო წარმოებითაც გადაასწრო - BYD-მა 1.8 მილიონი EV-ი აწარმოვა, Tesla-მ მხოლოდ 1.3 მილიონი.

BYD-ი ძირითადად ლოკალურ ბაზარზეა ფოკუსირებული, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიასაც აგრძელებს. ჩინურმა კომპანიამ ერთი წლის წინ ევროპაში დაიწყო გაყიდვები და სამომავლოდ, რეგიონში ქარხნების მშენებლობასაც გეგმავს - ჩინეთიდან მანქანების იმპორტზე ევროკავშირის დაწესებული ტარიფების გვერდის ასავლელად.

BEV-ის ბაზარზე მესამე უმსხვილესი მოთამაშე ასევე ჩინური ავტომწარმოებელი GAC Aion-ია, შემდეგ მოდის SAIC-GM-Wuling-ი და Volkswagen-ი. ელექტროფიკაციას აჩქარებენ ძვირად ღირებული ბრენდებიც, მათ შორის BMW და Mercedes-Benz-ი, ასევე Hyundai და KIA.

მთლიანობაში, ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა - რომელიც მოიცავს ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებს (BEV), Plug-in ჰიბრიდის ელექტრომობილებსა და სათბობელემენტიან ელექტრომობილებს (FCV) - 2023 წელს 13 მილიონ ერთეულს მიაღწია და 2022 წელთან შედარებით, 29.8%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს რიცხვი  2022 წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა დავარდნილი, როდესაც ზრდამ 54.2% შეადგინა.

Tesla-თან (19.9%) და BYD-თან (17.1%) შემდეგ BEV-ის გლობალურ ბაზარზე ავტომწარმოებლების გადანაწილება: GAC Aion – 5.2%, SAIC-GM-Wuling – 4.9%, Volkswagen – 4.6%, BMW – 3.6%, Hyundai – 2.9%, Mercedes-Benz – 2.6%, MG – 2.3%, KIA – 2%.

 

 

გაზიარება: