Aa Aa
3 აპრილი 2024  |  17:05

რა იცვლება ახალ Mercedes G-Class-ში?

ყველგანმავალი ავტომობილის სტატუსს G-Wagen-ი უკანასკნელი ნახევარი საუკუნეა მყარად ინარჩუნებს. ამ პერიოდში Mercedes-საც მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია, თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისი 2025 წელი იქნება.

გერმანული ავტომწარმოებელი საკულტო ოფროუდის გაელექტროებას იწყებს - „რბილად“ თუმცა, მაინც. მანამდე კი, წლის ბოლოსთვის შესაძლოა ელექტრო EQG სუვიც ვიხილოთ. G-Class-ის ახალ ვერსიაში G550 მოდელის V8 ძრავა, 3-ლიტრიანი ტურბოდაბერვის mild-hybrid ძრავით ჩანაცვლდება.

ამასთან ერთად, ახალ, 2025 წლის G550-ში ცხენის ძალების რაოდენობა 416-დან 443-მდეა გაზრდილი, თუმცა მაბრუნი მომენტი 610 ნ/მ-დან 560 ნ/მ-მდეა შემცირებული. მისი ახალი 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფიც განახლებული იქნება. რაც შეეხება ავტომობილის კლირენსს, 24 სანტიმეტრს შეადგენს.  

ახალ მოდელზე „ოფროუდ კოკპიტის“ ფუნქცია MBUX-ის საინფორმაციო-გასართობ სისტემაშია ინტეგრირებული. შედეგად, მანქანის ეკრანზევე ჩანს უგზოობისთვის საჭირო მაჩვენებლები. ხოლო Transparent Hood-ი („გამჭვირვალე კაპოტი“) მძღოლს საშუალებას აძლევს, 360-გრადუსიანი კამერის გამოყენებით მანქანის წინა ნაწილი ვირტუალურად დაინახოს.

G-Class-ის უახლეს ვერსიაში ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულია, როგორც აქტიური, ასევე პასიური უსაფრთხოება: ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, გზის უხილავი ნაწილების მონიტორინგი, საგზაო ნიშნების ამოცნობა და აშ. პარკინგის გასამარტივებლად მანქანა აღჭურვილია 360-გრადუსიანი კამერითაც.

მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო G550-ში ძრავის ზომა შემცირებულია, უცვლელი დარჩა G63-ის მოდელის მონაცემები: 4ლ მოცულობის ორტურბინიანი V8 ძრავა, ცხენის ძალა - 577, მაბრუნი მომენტი - 810, 48-ვოლტიანი ჰიბრიდული გამაძლიერებელი. ჩამოთვლილი მახასიათებლები საკმარისია იმისათვის, რომ G63-მა 4.2 წამში 100 კმ/სთ განავითაროს.

მის სავალ ნაწილში შეტანილი ცვლილების წყალობით, ავტომობილი სამართავად მარტივია ყოველდღიურ გზებზე და მარტივად შეუძლია უგზოობასთან ადაპტირებაც.

G550 და G63 დახვეწილ ვიზუალურ განახლებებს 2025 წელს მიიღებენ. ახალ G63-ზე ვხვდებით ბამპერის განახლებულ დიზაინს, სტანდარტულ, ადაპტირებად LED-ფარებს, 20-დან 22-იანი დისკების ექვს განსხვავებულ ვარიანტს.  

თუმცა უცნობია ფასები: 2024 წლის მოდელი $144,150-დან იწყება, ხოლო G63 $180,950 ღირს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ 2025 წლის მოდელები შედარებით უფრო ძვირი იქნება.

 

გაზიარება: