Aa Aa
1 აპრილი 2024  |  11:15

ლენტი გაჭრილია - პირველი დამტვრეული Tesla Cybertruck-ი

Nissan Sentra წითელზე გავიდა და Tesla Cybertruck-ს გვერდში დაეჯახა. 

ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტის გამო, Tesla Cybertruck-ი ევროპაში და ჩინეთში, სავარაუდოდ, არასდროს გაიყიდება. თუმცა, როგორც ჩანს, ილონ მასკის ახალი პიკაპი შეჯახებისას არც ავტომობილებს დააყრის კარგ დღეს. 

კადრები, რომლებიც ქვემოთაა მიბმული ფლორიდაშია გადაღებული. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მცირე ზომის Nissan Sentra მონსტრ პიკაპს დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ავარიის ამსახველი კადრები არ არსებობს, აშკარაა, რომ ე.წ. T-bone ავარია მოხდა. ეს ისეთი ავარიაა, როდესაც ერთი ავტომობილი ცხვირით მეორე ავტომობილს გვერდში ეჯახება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტომობილი ევაკუატორზე მოათავსეს, მათი დაზიანების სიმძიმე ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „საუბერთრაქს“ წინა ფრთა და კარები სჭირდება. ამასთან ერთად, ჩანს დაშვებული საბურავიც. სავარაუდოდ. სტრუქტურული დაზიანება იქნება ავტომობილის ჩონჩხზეც. Tesla ამ ავტომობილში ჩარჩოიანი ძარის კონცეფციას არ იყენებს. ნაცვლად ამისა, მოდელს მზიდი ძარა აქვს. 

მეორეს მხრივ, „ნისანი“ თითქმის განადგურებულია. სედანის წინა ნაწილი მთლიანად დაკეცილია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დარტყმა მთლიანად ძარის წინა ნაწილმა „ჩაყლაპა“. დგარებზე დეფორმაცია საერთოდ არ შეინიშნება. „სენტრას“ კარები ჩვეულებრივად იღება და იკეტება. მაღალი ალბათობით, მის სალონში მსხდომი ადამიანები ავტომობილიდან მნიშვნელოვანი დაზიანებების გარეშე გადმოვიდოდნენ. 


Cybertruck-ის გზებს აუცილებლად დაუბრუნდება. მისი შეკეთება სრულებით შესაძლებელია. „ნისანის“ გამოჯანმრთელება კი თითქმის შეუძლებელია (თუ ვინმე მას საქართველოში არ ჩამოიყვანს და ცხვირს არ მიაკერებს). თუმცა, Tesla-ს ახალი პიკაპი გულშემატკივრების და მოყვარულების გაკვირვებას ნამდვილად გამოიწვევს. ამ ავტომობილში მსხდომი მგზავრები თავს დაცულად რომ უნდა გრძნობდნენ, „საიბერთრაქმა“ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. 

გაზიარება: