Aa Aa
3 აპრილი 2024  |  13:12

399 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი Ferrari Enzo გაურკვეველი მიზეზის გამო დაიმტვრა

მანქანის ცხვირი დანგრეულია, მოწყვეტილია ერთ წინა ბორბალი, სამი ადამიანი კი დაშავდა.

Ferrari-იმ ლეგენდარული „სუპერავტომობილი" Enzo სულ 399 ეგზემპლარად გამოუშვა. ძალზედ უნდა გაგიმართლოთ, რომ ამ ავტომობილს სადმე წააწყდეთ. სამწუხაროდ, მიუნხენში ვიღაცამ Enzo-ს ერთ-ერთი ეგზემპლარი ძლიერად დაამტვრია. კიდევ უფრო სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„გაურკვეველი მიზეზის გამო Ferrari მოცურდა და გზის გამყოფ ჯებირს დაეჯახა“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა. დამტვრეული „ფერარის“ მფრინავი ნაწილები სხვა ავტომობილს მოხვდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

სურათებში ჩანს, რომ Enzo-ს ცხვირი თითქმის აღარ აქვს. შეჯახების შედეგად ავტომობილს მძღოლის მხარეს არსებული წინა ბორბალიც მოძვრა. შესაძლებელია თუ არა ამ მანქანის შეკეთება? არავინ იცის. სამწუხაროდ, სურათები ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევს.

Hagerty-ის მიხედვით, Enzo-ს ამჟამინდელი ღირებულება, ნორმალურ მდგომარეობაში, 3.55 მილიონი დოლარია. 2023 წელს ფერნანდო ალონსომ კი თავისი კუთვნილი „ენცო“, რომელიც ერთ-ერთი პირველი დამზადდა, 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა.

ეს ავტომობილი F40-ისა და F50-ის ფლაგმანური შტოს გამგრძელებელია. 2002 წელს, მისი გამოსვლისას, კომპანია ფორმულა 1-ში დომინირებდა. „ენცოში“ იმ პერიოდის F1-ის ბოლიდებიდან ბევრი დეტალი გადმოიტანეს. მათ შორის იყო სარბოლო შთაგონებით შექმნილი ცხვირი და კარბონის სტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის უკანა ნაწილში 6.0-ლიტრიანი V12-ია განთავსებული. ეს აგრეგატი 650 ცხენის ძალასა და 657 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მისი შეძენა მხოლოდ ერთი, 6-სიჩქარიანი რობოტიზებული მექანიკური კოლოფით შეიძლებოდა. ეს უკანასკნელი სიჩქარეებს 150 მილიწამში ცვლიდა.

გაზიარება: