Aa Aa
11 აპრილი 2024  |  17:48

ალაბამაში Dodge-ის დილერისგან $1.2 მილიონის ღირებულების მანქანები მოიპარეს

ალაბამას შტატის ქალაქ არაბში, მძარცველებმა Dodge-ის დილერისგან ჯამში, $1.2 მილიონის ღირებულების ავტომობილები მოიპარეს. ორი მანქანა ნაპოვნია, ექვსი კი კვლავ დაკარგულია, მათ შორისაა რამდენიმე Dodge Challenger-ი, Ram TRX-ი და Bronco Raptor-ი.

დამატებით დაკარგულია 300 გასაღებიც, დასაქმებულები კი, გასაღებების ხელახლა დაპროგრამებაზე კვლავ მუშაობენ. პოლიციელებმა დანაშაულს „დახვეწილი ძარცვა“ უწოდეს - დამნაშავეებმა გასაღების შემნახველი ქეისის გასახსნელად და უსაფრთხოების კამერებიდან ჩანაწერების წასაშლელად კომპიუტერები გამოიყენეს.

მოპარულ მანქანებს შორისაა ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, 2023 წლის Dodge Challenger SRT Demon 170. შემთხვევა კვირას, 7 აპრილს მოხდა. მძარცველებმა სულ რვა მანქანა და ერთი სატვირთო მოიპარეს, მათ შორის Dodge-ისთან ერთად იყო სხვა შეზღუდული გამოშვების მოდელებიც: 2024 წლის Ram 1500 TRX-ი და 2024 წლის Ford Bronco Raptor-ი.

სადილეროში შესვლისთვის მძარცველებმა ნაცადი ხერხი, შენობის ფანჯრის ქვით ჩამსხვრევა გამოიყენეს, ამის შემდგომ კი, პოლიციის შეფასებით, მათი ქმედებები „დახვეწილი და თანამედროვე“ იყო. შენობაში შესვლის შემდეგ, მძარცველებმა წვდომა დაამყარეს უსაფრთხოების კამერებზე და რამდენიმე საათის ხანგრძლივობის ჩანაწერებიც წაშალეს, დანაშაულის უკეთ გადასაფარად.

North Country Ford-ის გენერალური მენეჯერის განცხადებით, სეიფიც კომპიუტერის საშუალებით გახსნეს, რის შედეგადაც 300-ზე მეტი გასაღები წაიღეს. 10 აპრილის მდგომარეობით, ყველა მანქანის გასაღებების შეცვლასა და ხელახლა დაპროგრამებაზე ტექნიკოსები კვლავ მუშაობენ.



ძარცვის დასასრულს, შენობის გამოსანგრევად და გასაქცევად დამნაშავეებმა სწორედ ზემოთ ნახსენები, 2023 წლის Dodge Challenger SRT Demon-ი გამოიყენეს.

ძარცვის სპეციფიკა სამართალდამცავებისთვის ბადებს ეჭვებს, რომ მონაწილე პირებისთვის ეს მსგავსად „მაღალი დონის“ დანაშაულის ჩადენის პირველი შემთხვევა არ უნდა ყოფილიყო და საქმეში „პროფესიონალები“ მონაწილეობდნენ. 

გაზიარება: