Aa Aa
12 აპრილი 2024  |  16:00

ფოტოსესიის დროს კლასიკური ავტომობილი ტბაში გადავარდა

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საამაყო და საყვარელი ავტომობილი წყალში ვარდება მაშინ, როდესაც თავად ფოტოების გადაღებას ცდილობთ. Packard Coupe-ის მფლობელმა სწორედ ეს გამოცადა.

შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. ვინტაჟური ავტომობილი, ფოტოსესიისას, კანიონის ტბაში გადავარდა. 1939 წლის Packard Business Coupe-ის მფლობელმა მანქანა ნავის პანდუსზე გააჩერა და ტბასთან, პეიზაჟის ფონზე, მისთვის ფოტოების გადაღება დაიწყო. გაურკვეველ ვითარებაში ავტომობილი ტბაში გადავარდა და მთლიანად ჩაიძირა.

შემთხვევის ადგილზე, სამაშველო სამუშაოებისთვის, გამოცხადდნენ სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთაც შერიფის დეპარტამენტის მყვინთავთა ჯგუფიც მოჰყვა. თავდაპირველად, მაშველებს არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია იმყოფებოდა თუ არა ვინმე მანქანაში, რადგან ყავისფერი Packard-ის მფლობელი მათთან მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდა.

როგორც Mercury News-ი იტყობინება, მფლობელი მანქანის ტბიდან ამოყვანისას ემოციებს ვერ მალავდა და იმეორებდა, რომ Packard-ი მისთვის „შვილივით იყო“.



საბოლოოდ, კლასიკური ავტომობილის ტბიდან ამოყვანა მოხერხდა, ზეთის ლაქების მოსაშორებლად კი სპეციალური ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. ავტომობილი კოსმეტიკურ შეკეთებას არ საჭიროებს, თუმცა, დიდი ალბათობით, წყალმა მისი ინტერიერი და ელექტროგაყვანილობა დააზიანა, რაც მფლობელს საქმეს ნამდვილად გაურთულებს.

1939 წლის Packard-ის ღირებულება Carey's Fine Automobiles-ის კურატორმა $25,000-დან $40,000-მდე შეაფასა. საინტერესოა, თუ რამდენად დაეცემა მისი ფასი ტბის ცივ წყალში ჩაძირვის შემდეგ. თუმცა ფაქტია, რომ მფლობელმა, ტბასთან ფოტოების გამო, ემოციურთან ერთად სოლიდური ფინანსური ტრავმაც მიიღო.

გაზიარება: