Aa Aa
15 აპრილი 2024  |  17:02

ლუის ჰამილტონის ბავშვობის საყვარელი ვიდეოთამაში

როგორც ჩანს, როდესაც საქმე ვიდეოთამაშებს ეხება, ლუის ჰამილტონი რეალური ტრასის მიღმაც არანაკლებ წარმატებული და გამოცდილი პილოტია. და თუ Gran Turismo და F1 2000 თქვენი ბავშვობის ნაწილიცაა, მაშინ, „ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონის ემოციები საკმაოდ ნაცნობი უნდა აღმოჩნდეს.

1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანებს დასაწყისის ვიდეოთამაშების მიმართ ნოსტალგია ბევრ ავტომოყვარულს აქვს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც Mercedes-ის პილოტია. PlayStation 1-ის ჩართვისთანავე, ჰამილტონმა არჩევანი დაუფიქრებლად გააკეთა და R33-ის თაობის მუქი იასამნისფერი Nissan Skyline GT-R-ით, Trial Mountain-ის ტრასაზე, რბოლაშიც ჩაერთო.

Gran Turismo-ს სერიებში, GT-R-ის მოდელები ყოველთვის მაღალი წარმადობითა და კარგი მანევრულობით გამოირჩეოდა. არსებული შესაძლებლობებით, ავტომობილი ყველა მოთამაშისთვის, რომელსაც რბოლაში წარმატების მიღწევა სურდა, კარგი ინვესტიციაც იყო. შესაბამისად, GT-R-ზე არჩევანი ისეთი გამოცდილი პილოტისგან როგორიც ჰამილტონია, არ უნდა გაგვიკვირდეს.

და მაინც, თუ გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ არ აირჩია პილოტმა მისი ამჟამინდელი ან მომავალი გუნდი, პასუხი ამ კითხვაზეც საკმაოდ მარტივია. საქმე იმაშია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ვიდეოთამაშს მხოლოდ Gran Turismo 2-ში შეუერთდა. ხოლო Ferrari, ბევრად უფრო გვიან, Gran Turismo 5-ში გამოჩნდა.  

გაზიარება: