Aa Aa
16 აპრილი 2024  |  15:56

ორი წლის ბავშვი დედას Tesla-თი დაეჯახა

კალიფორნიელი ქალი ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს უჩივის და დაუდევრობაში ადანაშაულებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მისმა ორი წლის შვილმა Tesla-ს Model X-ის დაძვრა შეძლო რის შემდეგაც მას დაეჯახა. დაზარალებული ორსული ქალი შემთხვევას მოდელის დაპროექტებაში არსებულ დეფექტებს უკავშირებს.

ისტორიის მთავარი გმირი მელორი ჰარკორტია. მან და მისმა მეუღლემ Model X-ი 2018 წელს შეიძინეს და როგორც თავად ამბობენ, სამომავლოდ, იმავეს აღარ გაიმეორებენ. Tesla-ზე არჩევანის გაკეთების მთავარი მიზეზი სწორედ მისი უსაფრთხოება იყო. უბედური შემთხვევა კი, ახალი ავტომობილის შეძენიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა.

სარჩელს თანახმად, ინციდენტის დროს ჰარკორტი მის მეორე შვილთან ერთად ავტოფარეხში იმყოფებოდა. ამ დროს მისი ორი წლის ვაჟი ელექტრომობილში ჩაჯდა, რაც თავადაც შეამჩნია და მისკენ წავიდა.  თუმცა, მუხრუჭის სატერფულის საშუალებით, ბავშვმა ავტომობილი ჩართო და მძღოლის კარებიც ავტომატურად დაიხურა. გადაცემათა კოლოფის ბერკეტზე შეხებითა და აქსელერატორზე ფეხის დაჭერით კი, დედის მიმართულებით 12 კმ/სთ-ით დაიძრა.

ჰარკორტის თქმით, რეაგირების დრო პრაქტიკულად არ ჰქონდა და მხოლოდ მისი „ძვლების მსხვრევის“ ხმა გაიგო. მას შემდეგ რაც მეზობელმა 911-ში დარეკა გაირკვა, რომ მას მენჯი ჰქონდა მოტეხილი და ერთი კვირის შემდეგ ნაადრევად მშობიარობაც მოუწია. დამატებით ერთი კვირის საავადმყოფოში გატარება კი, $73 ათასი დაუჯდა. მიუხედავად ამისა, ტკივილები პერიოდულად კვლავ აწუხებს, მის შვილს კი, ავარიის შედეგად ემოციური ტრავმა დარჩა.

ჰარკორტის იურისტების მტკიცებით, მართალია ბავშვის მანქანაში აძრომის შანსი საკმაოდ მაღალია, არავინ მოელის, რომ 2 წლის ბავშვი მანქანის დაძვრას შეძლებს. იურისტების თქმით, უბედური შემთხვევა Tesla-ს დეფექტების გამო მოხდა.

მეორე მხრივ Tesla ამტკიცებს, რომ ჰარკორტის დაზიანებები უშუალოდ მისივე დაუდევრობამ და საკუთარი შვილის უყურადღებოდ დატოვებამ გამოიწვია. სასამართლო პროცესი 11 აპრილს დაიწყო. განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ. ჰარკორტი სამედიცინო ხარჯებისთვის, ემოციური ტრავმისა და სხვა მიზეზებისთვის, დაუზუსტებელ ფულად კომპენსაციას ითხოვს.

გაზიარება: