Aa Aa
17 აპრილი 2024  |  17:14

რალისთვის შექმნილი Mercedes 450 SLC ვიღაცის მილიონდოლარიანი სიამაყე იქნება

1979 წლის WRC-ს 4 დომინანტი ავტომობილიდან ერთ-ერთის სავარაუდო ღირებულება 1.1 მილიონზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ რალის მოყვარულები Group B-ის ოქროს წლებად მიიჩნევენ, არც იქამდე არსებული ეპოქა იყო ცუდი. ეს 1979 წლის Mercedes-Benz 450 SLC 5.0 სწორედ იმ დროს აცოცხლებს.

ავტომწარმოებელმა 1979 წლის Bandama Rally Cote d’Ivoire-სთვის 4 სარბოლო დანიშნულების 450 SLC შექმნა. სურათებზე არსებული მოდელი ნომრით მეოთხეა, რომელმაც ეს ღონისძიება მეორე ადგილზე დაასრულა. პირველი ადგილიც ამავე ავტომობილმა დაიკავა. დანარჩენმა ორმა კი რბოლა ვერ დაასრულა. ამ ავტომობილით პილოტის ტიტული ვალდეგარდმა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. სხვათა შორის, მან 1 ქულით გაიმარჯვა.



ამას სხვა წარმატებებიც დაემატა. მაგალითად, ჰანუ მიკოლას გამარჯვებით ეს ავტომობილი რალის ისტორიაში პირველი იყო, რომელსაც კაპოტის ქვეშ V8 ძრავა და ავტომატური კოლოფი ჰქონდა.

ამ მანქანის ძრავის განყოფილებაში განთავსებული V8 იმ პერიოდისთვის საკმაოდ ახალი გახლდათ. ის ალუმინისგან იყო დამზადებული და, სხვა ძრავებთან შედარებით, სიმსუბუქით გამოირჩეოდა. ამას სპეციალურად შემუშავებული ავტომატური კოლოფი, ალუმინის კაპოტი, საბარგული, თხელი კარები დაემატა და 450 SLC რალის ეტაპებზე სერიოზულ კონკურენტად იქცა.



საერთაშორისო რალისთვის ჯამში 19 ავტომობილი აიწყო. მათგან მხოლოდ შვიდს ჰქონდა 450 SLC 5.0-ის წარწერა. სურათზე ნაჩვენები მოდელი კი ერთ-ერთი განსაკუთრებული მანქანაა.

წარმატებული სეზონის შემდეგ, 1980 წელს, ეს „მერსედესი" Marlboro Safari Rally-ზე კენიაში გაუშვეს, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. 1982 წელს ის სერჟ ბინკენსმა შეიძინა. მან ალუმინის ძრავა ფოლადის ძრავით ჩაანაცვლა, რითაც მანქანა უფრო საიმედო გახდა. მან ავტომობილი გამძლეობის რბოლისთვის გაამზადა.




1982 წელს სპას 24 საათიანი რბოლა მანქანამ მერვე პოზიციაზე დაასრულა. 1984 წელს ავტომობილში მფლობელმა ისევ ალუმინის ძრავა დააბრუნა და პიტერ ლორენცს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა ავტომობილის რესტავრაცია 1979 წლის მახასიათებლების მიხედვით გადაწყვიტა. შედეგს კი სურათებზე ხედავთ.

ეს უნიკალური ისტორიის მქონე Mercedes-ი RM Sotheby-ის აუქციონზე 10 მაისს გამოვა. მისი სავარაუდო ღირებულება 850 000-1 100 000$ იქნება.

გაზიარება: