Aa Aa
18 აპრილი 2024  |  18:07

მანქანა პიკაპს გადააფრინდა და ავტოფარეხში შევარდა

ალბათ ცუდია, როდესაც დილის შვიდის ნახევარზე, შენს ავტოფარეხში შევარდნილი მანქანა გაღვიძებს. თუმცა, ორმაგად საინტერესოს ამ ფაქტს ის ხდის, რომ ავტომობილის მძღოლი, ავტოფარეხში შევარდნამდე პიკაპს პირდაპირი მნიშვნელობით „გადააფრინდა“.

შემთხვევა 4 აპრილს კალიფორნიაში მოხდა. კადრები მეზობლის კარზე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. ავარიის ვიდეო სოციალურ ქსელში რიჩანდ ერნანდესმა გაავრცელა. მისივე თქმით, ავტომობილმა კონტროლი დაკარგა, როდესაც დასახლებული ქუჩისკენ მიმავალ მოსახვევში ძალიან მაღალი სიჩქარით შევიდა.  

ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ მანქანა ჯერ გზიდან გადავარდა, მხოლოდ მცირე მანძილით ასცდა იქვე გაჩერებულ Ford Fusion-ს და გაზონის გავლით ინერციისგან ავტოფარეხის მიმართულებით გავარდა.

თუმცა, მძღოლისთვის ბარიერები ამით არ დასრულებულა. ავტოფარეხთან მძღოლს ახლა უკვე ორი თეთრი პიკაპი დახვდა, საიდანაც ერთს მეორეზე უფრო მეტად გაუმართლა.

საქმე იმაშია, რომ გაზონზე ფერდობმა მანქანა ჰაერში ააგდო, რის შემდეგაც ავტომობილი თეთრი Ford F-150-ის კაპოტს გადააფრინდა. Ford F-150 შედარებით უვნებლად გადარჩა, თუმცა, მის გვერდზე გაჩერებულ მეორე პიკაპს, ავტოფარეხის კართან შეჯახებისას, მანქანა უკანა ბორბლებით დაეჯახა.

დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილმა ავტოფარეხის კარის შემტვრევა მოახერხა. საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა. მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა სხვების დახმარების გარეშე შეძლო, თუმცა, საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.

 

 

გაზიარება: