Aa Aa
22 აპრილი 2024  |  16:45

ქართველმა გულშემატკივარმა მანქანას ილია თოფურიას სურათი დაახატა

მეხუთე სერიის მფლობელი ქუჩაში ახლა უფრო ამაყად გადაადგილდება.

ილია თოფურიას დღეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველა იცნობს. UFC 298-ის მთავარ ბრძოლაში, „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ილიამ ლეგენდარული მებრძოლი მეორე რაუნდში, ბრწყინვალე სტილში დაანოკაუტა.

„ელ მატადორის“ ანგარიშზე 15 მოგება და 0 წაგებაა. ვოლკანოვსკი კი თოფურიას წინააღმდეგ, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, პირველად დამარცხდა.

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში „დინამო არენაზე“ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარიც წარუდგინა.

„ელ მატადორს“ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა, საქართველოში ის განსაკუთრებულად უყვართ. ამას ის ადასტურებს, რომ ერთ-ერთმა ქართველმა ქომაგმა საკუთარ ავტომობილს მისი სურათიც დაახატა. 

ნახატის ავტორი გიორგი გიგაურია. აეროგრაფით ხატვა მან მეგობრისგან ისწავლა. ის უკვე წლებია, რაც ამ საქმით არის დაკავებული. მისი თქმით, „მეხუთე სერიის“ მფლობელი ილია თოფურიას დიდი გულშემატკივარია და ამაყია თავისი ავტომობილის ინდივიდუალურობით. მართლაც, ეს BMW ჩვენს ქვეყანაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია!

გიორგი გიგაურს მტვრიანი მანქანის შედევრად გადაქცევაც შეუძლია. თავისი ავტომობილის უკანა შუშაზე მან მტვრისგან ხვიჩა კვარაცხელია დახატა. ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ. 

„როდესაც კვარა მანქანას მტვრისგან დავახატე აღარ მინდოდა მანქანის გარეცხვა, მენანებოდა. როცა მტვერი ედებოდა ახლიდან ვასწორებდი და ასე... ერთი კვირა ასე დავდიოდი“, - ამბობს გიორგი ჩვენთან საუბრისას.

იმ შემთხვევაში თუ თქვენს ავტომობილზე ქართველი ან სხვა ნებისმიერი სპორტსმენის გამოსახულების შექმნა გსურთ გიორგი გიგაურს პირადად, Facebook-ზე უნდა დაუკავშირდეთ. ქართველი ჩემპიონის გამოსახულებით ავტომობილის ხილვა დიდი სიამაყეა!

გაზიარება: