Aa Aa
24 აპრილი 2024  |  11:35

აირტონ სენას პირადი Honda NSX-ი იყიდება

სენას სამი NSX-იდან ერთ-ერთი გასაყიდადაა გამოტანილი.

CrystalAuto-ს მკითხველებს იმის შეხსენება არ სჭირდებათ, თუ რამდენად დიდებული და განსაკუთრებული ავტომობილია Honda NSX-ი. საბედნიეროდ, ეს ავტომობილი საქართველოშიც ჰყავთ (ის ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში) და ჩვენ მის მფლობელთან ერთად გადავიღეთ. თუ NSX-ი გიყვართ და ავტოპორტრეტის ეს ეპიზოდი არ გინახავთ - სირცხვილი!

„ჰონდას“ ამ მოდელს მართვის გასაოცარი დინამიკა აქვს. მის შექმნაში მონაწილეობა Formula 1-ის ლეგენდამ, აირტონ სენამაც მიიღო. ყველასთვის საყვარელი პილოტი სამ NSX-ს ფლობდა. მათგან ერთ-ერთი კი გასაყიდადაა გამოტანილი.


სურათზე ნაჩვენები ავტომობილი ყველაზე ცნობილი NSX-ია, რომელიც სენას ჰყავდა. ბრაზილიელი ამ წითელი „ჰონდით“ პორტუგალიაში გადაადგილდებოდა. ეს ავტომობილი ცნობილ ფილმში, „Racing is in my Blood-ში“ მოხვდა. ის სურათი კი, რომელშიც სენა ამ მანქანას რეცხავს საკულტო გახდა.

თუ „ფორმულა 1-ის“ გულშემატკივარი არ ხართ, გეტყვით, რომ აირტონ სენა ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან სამჯერ მოიპოვა. თავისი კარიერითა და პიროვნულობით კი ისეთი ცნობილი პილოტების შთაგონების წყაროა, როგორიც, მაგალითად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონია. სამწუხაროდ, სენა 1994 წლის სან მარინოს გრან პრიზე ტრაგიკულად დავკარგეთ.


3-ლიტრიანი V6-ით აღჭურვილ, 271-ცხენისძალიან და 283-ნიუტონმეტრიან NSX-ს 0-დან 100 კმ-სთ-ის განვითარება 5.8 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია. მას შემდეგ, რაც სენამ ავტომობილების ტესტირებებში მიიღო მონაწილეობა, მან Honda-ს შასის გამაგრება ურჩია.

დღეს სენას წითელ NSX-ს რობერტ მაკფეიგანი მფლობს. ეს ავტომობილი მის ხელში 2013 წლიდანაა. ავტომობილი ამჟამად დიდ ბრიტანეთშია.



„სენას დიდი გულშემატკივარი ვარ და ამ ავტომობილის ფლობით გახარებული ვიყავი. NSX-ი სრულყოფილი მანქანაა, რომელიც მართვის საოცარ გამოცდილებას განიჭებს,“ - ამბობს მაკფეიგანი. „დიდი სიამოვნებაა ფლობდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ლეგენდის და მართვის ღმერთის - სენას ავტომობილს,“ - დაამატა მან.

ამ ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს გეტყვით, რომ მისი გასაყიდი განცხადება Auto Trader UK-ზეა ატვირთული. მის სანაცვლოდ 500 000 გირვანქა სტერლინგს ითხოვენ, რაც 622 000$-ის ეკვივალენტია.

გაზიარება: