Aa Aa
25 აპრილი 2024  |  16:02

დილერმა ავტოშოუსკენ მიმავალ გზაზე Ferrari F40 დაამტვრია

უკანასკნელი მოდელი, რომელიც ენცო ფერარიმ დაამტკიცა.

ძვირად ღირებული სადილეროს 24 წლის თანამშრომელმა ავტოშოუსკენ მიმავალ გზაზე Ferrari F40 დაამტვრია. შემთხვევა 21 აპრილს გერმანიაში, ენგელბერგის გვირაბში მოხდა. გვირაბის ორივე მხარეს შეჯახების შედეგად, ავტომობილის წინა მხარე სრულად დაზიანებულია.

ავარიის ადგილი შტუტგარტის სიახლოვესაა, Motorworld-დან 17 კილომეტრის დაშორებით. საპატრულო ეკიპაჟის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია თუ მანქანის ტექნიკურმა გაუმართაობამ. მძღოლი მცირედი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ძვირად ღირებულმა სადილერომ, Ferrari F40-ის შესახებ პოსტი 15 მარტს გამოაქვეყნა. პოსტში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ავტომობილის სადილეროში მიღებისა და მომსახურების, ასევე მანქანის ისტორიისა და მისი მფლობელის შესახებ. ავარიის შემდეგ, კომპანიის ვებგვერდზე, გასაყიდ ავტომობილთა სიაში Ferrari F40 აღარ გვხვდება. თავდაპირველად, მოდელი სადილეროს ვებგვერდზე $3.2 მილიონად იყო შეფასებული.

როგორც ფოტოებზეც ჩანს, ავარიის შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული მანქანის წინა ნაწილი, ცალკე აგდია კაპოტი. ასევე, მომძვრალია მანქანის წინა ბამპერი. შესაკეთებელია ძარაც.


Ferrari F40-ის დებიუტი 1987 წელს, კომპანიის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა. ავტომობილი Ferrari-ის უკანასკნელი მოდელია, რომელიც თავად ენცო ფერარის მიერ დამტკიცდა. ავტომწარმოებელმა F40-ის მხოლოდ 1,315 ეგზემპლარი შექმნა, თუმცა დღემდე რამდენი შემორჩა უცნობია.

ენცოს „ბოლო დიდი შედევრი“ 2.9-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. მანქანას 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს და 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

გაზიარება: