Aa Aa
2 მაისი 2024  |  17:27

ახალ მანქანებში ავტომატური დამუხრუჭება სავალდებულო ხდება

პროგრამულმა უზრუნველყოფამ და სენსორებმა საავტომობილო უსაფრთხოება სრულად შეცვალა. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებს უკვე შეუძლიათ აღიქვან გარშემო არსებული გარემო, მათ შორის ამოიცნონ საგზაო ნიშნები, სხვა მანქანები და ფეხით მოსიარულეებიც კი.

ახლა კი, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია“ (NHTSA) უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონებს უფრო მეტად ამკაცრებს. 2029 წლიდან ახალ მანქანებში ავტომატური დამუხრუჭება სავალდებულო გახდება. NHTSA-ს ანგარიშით, ტექნოლოგია წელიწადში მინიმუმ 360 სიცოცხლეს გადაარჩენს და 24,000-მდე დაზიანების პრევენციას შეძლებს.

წესების მიხედვით, ათწლეულის ბოლოდან, აშშ-ში გაყიდული ყველა ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი სამი ტექნოლოგიით: პირდაპირი შეჯახების გამაფრთხილებელი, ავტომატური დამუხრუჭება და ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში დამუხრუჭების სისტემა.

თუმცა, კარგი ის ფაქტია, რომ ავტომწარმოებლები საკუთარ მანქანებში ამ ტექნოლოგიების განვითარებაზე ახალი რეგულაციების დაანონსებამდეც მუშაობდნენ. შესაბამისად, მათი გეგმებიც კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.

გასული წლის ბოლოს, 20-მა ავტომწარმოებელმა შეასრულა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისთვის მიცემული დაპირება და მათ მიერ წარმოებული მანქანების 95%-ზე მეტი ავტომატური დამუხრუჭებით აღჭურვა.  



თუმცა, ფედერალური საავტომობილო ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტის ახალი წესდება უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ ფუნქციების დამატებას. კანონმდებლობაში გათვალისწინებულია კონკრეტული პირობებიც, რომლებშიც სისტემას უნდა შეეძლოს მუშაობა.

კერძოდ კი, ახალი რეგულაციებით, 100 კმ/სთ-ით მოძრაობისას ყველა მანქანას უნდა შეეძლოს გაჩერება, რათა თავიდან აიცილოს სხვა მანქანებთან შეჯახება. გარდა ამისა, ყველა მანქანას უნდა შეეძლოს ფეხით მოსიარულეთა იდენტიფიცირება, როგორც დღისით, ასევე ღამით. ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში დამუხრუჭების სისტემა უნდა ამოქმედდეს 45 კმ/სთ-ით მაღალ სიჩქარეზე მოძრაობის შემთხვევაშიც.  

 

გაზიარება: