Aa Aa
7 მაისი 2024  |  12:52

Porsche წელს მოდელების ოთხ განახლებულ ხაზს გამოუშვებს

წლევანდელი წელი გერმანული ავტომწარმოებლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

მიმდინარე წელი, პროდუქტების გაშვების თვალსაზრისით, Porsche-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. ახალი Panamera, Taycan-ი, Macan-ი და 911 ის მოდელებია, რომლებიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში გახდება. მიუხედავად ამისა, Porsche-ს გაყიდვები წელს იმაზე დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში და იმედია, ამ კურსის შეცვლას ეს ოთხი განახლებული ხაზი შეძლებს.

ბოლო თვეებში, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Panamera-სა და Taycan-ის 2025 წლის ვერსიები წარადგინა. წინა მოდელებთან შედარებით, ახალ ვერსიებს რიგი ტექნიკური განახლებები გამოარჩევს, რასაც მანქანების შეცვლილი სტილიც ემატება. იგივე სიტუაციაა Porsche Macan-ის შემთხვევაში. დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოდელი შეძლებს დადებითი გავლენა იქონიოს კომპანიის გაყიდვების ზრდაზე.

Macan-ი გერმანულმა მარკამ ჯერ კიდევ იანვარში წარადგინა. ის ავტომწარმოებლის პირველი მოდელია, რომელიც შიგა წვის სისტემიდან, ბატარეის ელექტროძრავაზე გადავიდა. შიგა წვის ძრავაზე მომუშავე Macan-ების გაყიდვები გარკვეული ხნით კიდევ გაგრძელდება, სანამ საბოლოოდ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ Macan EV-ი არ გახდება.

შემდეგი არის 911. უკვე რამდენიმე წელია, რაც Porsche, 992 თაობის მოდელის შუალედურ „ფეისლიფტზე“ მუშაობს, მისი დებიუტი კი უახლოეს თვეებში იგეგმება. ახალ ვერსიაში ვნახავთ ბევრ ვიზუალურ და მექანიკურ განახლებას. გარდა ამისა, წელს შესაძლოა კომპანიამ პირველი 911-იც გამოუშვას, რომელიც ჰიბრიდული ძრავით იქნება აღჭურვილი, თუმცა, მოდელის ტექნიკური დეტალების შესახებ ამ ეტაპისთვის უცნობია.

წლის პირველ კვარტალში Porsche-ს ავტომობილების მიწოდებამ 77,640 ერთეულს მიაღწია - 3.9%-ით მეტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. თუმცა, ეს არ მომხდარა მოდელებისადმი მომხმარებლის ინტერესის შემცირების გამო. სინამდვილეში, მიწოდება გერმანიაში 36.7%-ით, ხოლო დანარჩენ ევროპაში 8.8%-ით გაიზარდა. კლება ძირითადად მოდის ჩრდილოეთ ამერიკაზე, რაც საბაჟოზე შეფერხებებითაა გამოწვეული. მარკის გაყიდვები შემცირებულია ჩინეთშიც.

Porsche-ს ყველაზე გაყიდვად მოდელად Cayenne რჩება, გაზრდილია 911-ისა, 718 Boxster-ისა და Cayman-ის გაყიდვებიც. გასაკვირი არაა, რომ დავარდა Macan-ისა და Panamera-ს მიწოდება, თუმცა ყველაზე ცუდი მდგომარეობა Taycan-ს აქვს, რომლის მიწოდებაც წელს, პირველ კვარტალში თითქმის 54%-ითაა შემცირებული.

 

გაზიარება: