Aa Aa
7 მაისი 2024  |  14:04

ახალი Ferrari 12Cilindri 830 ცხენისძალას ძველი მეთოდით გამოიმუშავებს

არანაირი ტურბო, არანაირი ჰიბრიდი, Ferrari 12Cilindri მხოლოდ 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12-ით გამოვა.

რატომ არის Ferrari უნიკალური საავტომობილო ბრენდი? ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს კომპანია ტრადიციებსაც იცავს და, ამავდროულად, უახლესი ტექნოლოგიებით გაძეძგილ მანქანებს გვთავაზობს. ეს ყველაზე ნათლად მათ ახალ მანქანაში ჩანს, რომელიც 812 Superfast-ის გვარის გამგრძელებელია და რომელსაც 12Cilindri დაარქვეს. გასულ კვირას, მაიამის ჩვენებაზე, მწარმოებელმა 12Cilindri და 12Cilindri Spider-ი გამოფინა. დიახ, როგორც სახელი გვეუბნება, საქმე 12 ცილინდრთან გვაქვს!

Ferrari-ის 6.5-ლიტრიანი F140 V12 იმ ძრავის უახლესი ევოლუციური ვერსიაა, რომელიც, პირველად Enzo-ში, ორი ათწლეულის წინ ვიხილეთ. თუმცა, ამ ავტომობილში ეს აგრეგატი 830 ატმოსფერულ ცხენის ძალასა და 677 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავის მაქსიმალური ბრუნი წუთში 9 500-ს შეადგენს. მანქანას არ ექნება ჰიბრიდული დამხმარე მოწყობილობები, რაც უდავოდ დასაფასებელია. რატომ? „ფერარიმ“ შექმნა V12, რომელიც გამონაბოლქვის უმკაცრეს რეგულაციებს აკმაყოფილებს. ეს ყველაფერი კი ელექტრო ძრავებისა და რაღაც მაიმუნობების გარეშე (აქ ყველა „პეტროლჰედები“ ვართ, რომ იცოდეთ)!




12Cilindri-ის ძრავა 812 Competizione-ს ძალზედ ჰგავს. მის შიგნით ტიტანის ბარბაცა და აირგანაწილების მექანიზმი გვაქვს. ამას „ატმოსფერული მაბრუნი მომენტის ფორმირების“ ჭკვიანური სისტემა ემატება. ეს ტექნოლოგია მაბრუნ მომენტს ელექტრონულად არეგულირებს. გახსოვთ ზემოთ ტრადიციებზე და თანამედროვე ტექნოლოგიის სინთეზზე რომ ვისაუბრეთ?

Ferrari-იმ ახალი ველური აგრეგატი 8-სიჩქარიან ორმაგი ქუროს მქონე ტრანსმისიასთან დააკავშირა. იტალიელები ამბობენ, რომ ეს ტრანსმისია, 812-ის კოლოფთან შედარებით, სიჩქარეებს 30%-ით უფრო სწრაფად რთავს. ეს ნიშნავს, რომ კოლოფს ტელეპათიის უნარი აქვს, რადგან 812-ის სიჩქარეთა მონაცვლეობა უსწრაფესი იყო!



მარანელოში ამბობენ, რომ მათი ახალი მოდელი 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება, ხოლო 0-200 კმ/სთ-ს 7.9 წამში ავითარებს. ოდნავ ნელია Spider ვერსია, რომელიც სიჩქარის იმავე ნიშნულებს 2.95 წამში და 8.2 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი კი ორივე ვერსიისთვის 340 კმ/სთ-ია.

გაბარიტების კუთხით, 12Cilindri უმეტეს პარამეტრებში 812 Superfast-ზე დიდია. ერთადერთი, რითაც ახალი წინამორბედს ჩამორჩება ბორბლებს შორის მანძილია. გარკვეული კუთხიდან 12Cilindri უკვე კარგად ნაცნობ Roma-საც წააგავს. თუმცა, ბევრ დეტალშია სხვაობა. მსგავსებაზე საუბრისას რთულია არ გავიხსენოთ 365 GTB/4 Daytona, რომელსაც 12Cilindri წინიდან საოცრად ჰგავს.


სალონში Ferrari-ის აწ უკვე ტრადიციული საჭე და ღილაკები დაგხვდებათ. ტორპედოს ცენტრში გვაქვს მონიტორი. ინტერიერის კუთხით მარანელოს ახალი 12-ცილინდრიანი მონსტრი Purosangue-ს ჰგავს.

12Cilindri „ფერარის“ შასის კონტროლის უახლესი სისტემითაც იქნება წარმოდგენილი. ეს Side Slip Control 8-საც მოიცავს, რომელიც საბურავების მოჭიდების ზღვრებს იცავს. ასევე, მანქანას ექნება 4-ბორბლიანი მოხვევის სისტემაც. დისკებს შორის არჩევანს მომხმარებლები გააკეთებენ. მათ 20-იანი ან 21-იანი ზომის დისკები უნდა აარჩიონ. ასევე, მათი სურვილის შესაბამისი იქნება საბურავებიც, Michelin Pilot Sport S 5 ან Goodyear Eagle F1 Supersport-ი.





12Cilindri-ის მშრალი წონა 1568 კილოგრამია. Spider-ი ოდნავ მძიმეა, რომლის ასევე მშრალი წონაც 1619 კგ-ს შეადგენს.

რა ეღირება ეს სიამოვნება? Ferrari-ის V12 იაფი ნამდვილად არ არის. 12Cilindri-ის საწყისი ფასი 423 000$-ია. კაბრიოლეტის სანაცვლოდ კი 466 000$-ის დათმობა მოგიწევთ.

როგორ შეაფასებდით მარანელოს ახალ მოდელს? სჯობს თუ არა ის წინამორბედს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: