Aa Aa
10 მაისი 2024  |  15:00

ქარხნული მაყუჩების მქონე Porsche 911-ის მფლობელი $800-ით დააჯარიმეს

ნიუ-იორკში ჯარიმებისთვის თავის არიდება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო რთული ხდება. ახალი რეგულაციები გამონაბოლქვზე და ხმაურის დონეზე დაწესდა. ეს ზღვარი, როგორც ჩანს, მოდიფიცირებულთან ერთად ისეთ მოდელებსაც მოიცავს, რომელთაც ქარხნული გამშვები სისტემა აქვს. სწორედ ასეთი რეალობის წინაშე დადგა სრულად ქარხნული 911-ის ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც მოულოდნელად ფოსტაში $800-იანი ჯარიმა დახვდა.

გასულ წელს ძალაში შევიდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ქალაქის მასშტაბით დიდი რაოდენობით კამერები დამონტაჟდა. კამერების ღირებულება $35,000-ია. კამერებით იმ პირთა იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რომელთა მიერ წარმოქმნილი ხმაური, ქალაქში დაშვებულ დონეს - 85 დეციბელს აღემატება. გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის Porsche 911 Carrera S-ის მძღოლმა დაშვებული ხმაურის ლიმიტს 2 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში გადააჭარბა - 5.4 დეციბელით.



როგორც თავად მძღოლი ამტკიცებს, მანქანის მართვისას მას დაწესებული სიჩქარის ლიმიტისთვის არ გადაუცილებია. უფრო მეტიც, ინციდენტის ამსახველი ვიდეო იმ ფაქტზეც მიუთითებს, რომ მან მხოლოდ უმნიშვნელოდ გაააქტიურა ქარხნული გამშვები სისტემა. მიუხედავად ამისა, კამერამ დააფიქსირა, რომ Porsche-ს მიერ წარმოქმნილმა ხმაურის დონემ 90.4 დეციბელს მიაღწია და მისი ხანმოკლე ხანგრძლივობაც კი გახდა საკმარისი 800-დოლარიანი ჯარიმის მისაღებად.

დაწესებულ ლიმიტზე მხოლოდ მცირე დროით გადაჭარბების მიუხედავადაც, რთულია იმის მტკიცება, რომ 911-ის მძღოლს კანონი არ დაურღვევია, თუნდაც მომენტალურად. საკითხი სულ სხვა მხრივ დგას: უნდა ვრცელდებოდეს თუ არა ეს ხმაურის ლიმიტის რეგულაცია იმ ავტომობილებზე, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე სულ მცირე 10 წლით ადრე გამოვიდა და ქარხნული გამშვები სისტემითაა აღჭურვილი.  



თუმცა, ეს პირველი შემთხვევაც არაა. გასულ წელს, კალიფორნიაში, ქარხნული გამშვები სისტემის მქონე Hyundai Elantra N-ის მფლობელიც დააჯარიმეს, ასევე ხმაურის დასაშვები ლიმიტის დარღვევისთვის. წესები ნათელია: სადაც კანონი მოქმედებს, რეგულაციები არ უნდა დაარღვიოთ, თორემ ვერც თქვენი სრულად ქარხნული ავტომობილები გიშველით.

გაზიარება: