Aa Aa
31 მაისი 2024  |  13:43

BMW Concept Skytop: ათწლეულის ყველაზე ლამაზი „ბიმერი“

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ Concept Skytop-ის კონცეფციის დიზაინის კვლევა ოფიციალურად დაიწყო. ახალი მოდელის კონცეფტს, რომელიც ათწლეულის ყველაზე ლამაზ „ბიმერადაც“ შეიძლება შეფასდეს, იტალიაში გასამართ ვინტაჟური ავტომობილების გამოფენაზე, Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე ვიხილავთ. აქვე იქნება წარმოდგენილი BMW-ს M Hybrid V8 Art Car-ი.

ორკარიან Concept Skytop-ს „ტარგას“ ტიპის სახურავი აქვს და BMW M8 Competition-ის ორტურბიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ეს კონკრეტული ძრავა 617 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.



შეიძლება ითქვას, რომ Concept Skytop-ი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დიზაინია, რომელიც BMW-მ ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოგვიდგინა. ახალი BMW-ებისთვის დამახასიათებელ „თირკმლისებრ“ ცხაურასთან ერთად, ავტომწარმოებელმა Concept Skytop-ში ზვიგენის ცხვირის ფორმის წინა ნაწილიც დაამატა.

Neue Klasse-ის სედანის შარშანდელი კონცეფციის მსგავსად, BMW-ის ახალ მოდელში ისტორიული დიზაინის შტრიხებიც შეინიშნება. Concept Skytop-ის კონცეფციაში გერმანული ავტომწარმოებელი Z8-ისა და BMW 503-ის ფესვებს უბრუნდება. უკანა ნაწილით კი მანქანა გარკვეულწილად Aston Martin-საც წააგავს, რაც, ამ ბრენდის დახვეწილ და ელეგანტურ დიზაინს თუ გავიხსენებთ, ცუდი ნამდვილად არ არის.



რაც შეეხება მანქანის კორპუსს, მისი დიზაინი BMW-ს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი დიზაინერის მიერაა შექმნილი. მანქანის კორპუსი სრულად, მხოლოდ ერთი ფერით არ არის დაფარული პირიქით, რამდენიმე ტონის საღებავის ერთმანეთში გადასვლით, გრადიენტის ეფექტი იქმნება. მაგალითად, უკანა ნაწილში, სახურავის მოწითალო-მოყავისფრო ტონი ვერცხლისფერში გადადის, რომელსაც ქრომირებული ჩრდილის ეფექტიც აქვს.

ახლოდან თუ დააკვირდებით, იმასაც შეამჩნევთ, რომ მანქანის ჩვეულებრივი სახელურები Concept Skytop-ში დისკრეტული ფრთებითაა შეცვლილი. ამ დეტალის გათვალისწინებით, BMW ამტკიცებს, რომ LED-განათება ერთ-ერთი ყველაზე თხელი ნაწილია, რაც მას ოდესმე შეუქმნია. თავად სახურავი ტყავისგანაა დამზადებული და ორ ნაწილად იყოფა.

თითქმის სრულად ტყავშია წარმოდგენილი მანქანის ინტერიერიც. ამ შემთხვევაში, ინტერიერის დიდი ნაწილი მოდელს რეგულარული მერვე სერიიდან აქვს გადმოღებული, მსგავსი მაჩვენებელთა დაფითა და ტექნიკური აღჭურვილობით. მათ შორისა BMW-ს უახლესი iDrive საინფორმაციო-გასართობი სისტემა და ავტომატური ტრანსმისიის გადამრთველი.

გაზიარება: