Aa Aa
31 მაისი 2024  |  17:44

სატერფულების არევის შედეგად, BMW სამეზობლოში შევარდა

მეშვიდე სერიის შავი BMW მძიმედ დაზიანდა მას შემდეგ, რაც მეზობლის ეზოში შევარდა და სახლის ნაწილი ზედ ჩამოინგრია. შემთხვევა 22 მაისს, შუადღისას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ბიმერის“ 79 წლის მძღოლმა კონტროლი თავისივე სახლთან, მანქანის დაპარკინგებისას დაკარგა და მეზობელთანაც აღმოჩნდა.



როგორც სოციალურ ქსელში, Cantonal Police-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, შეჯახების შედეგად სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა და BMW-ს დაეცა. სახურავის ნაწილებმა მანქანის საქარე მინა ჩაამსხვრია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მგზავრის მხარეც მნიშვნელოვნად დააზიანა. გასაკვირია, თუმცა ავარიას თითქმის უვნებლად გადაურჩა მძღოლის მხარე.

ადგილობრივების ვარაუდით, BMW-ს ხანდაზმულ მძღოლს მუხრუჭი აქსელერატორში აერია, რის გამოც, მანქანა პარკინგზე გაჩერების მაგივრად პირიქით, მეზობლის სახლის მიმართულებით დაიძრა. სამართალდამცავების განცხადებით, ეს საკმაოდ ხშირი შეცდომაა, რომელსაც პარკინგზე მომხდარი ავარიების დიდი ნაწილიც უკავშირდება. ავარიის გამო, მძღოლს გარკვეული პერიოდით, მანქანის მართვის ლიცენზია შეუჩერეს.

სატერფულების არევა კი, ჯამში 109 000 $-ის ღირებულების ზარალის მიზეზად იქცა. თუმცა, BMW 7 მნიშვნელოვნად დაზიანებული არაა და შეკეთებასაც ექვემდებარება. ზარალის დიდი ნაწილი ალბათ სახლის დაზიანებაზე მოდის, რომლის გადახდაც ისევ ავტომობილის მძღოლს მოუწევს.

გაზიარება: