Aa Aa
9 ივლისი 2024  |  13:53

Honda-მ Prelude-ის დაბრუნება გადაწყვიტა - პაწაწინა კუპე მალე გამოვა!

ორკარიანი კუპის დებიუტი Goodwood Festival of Speed-ზე გაიმართება.

Honda-მ დაადასტურა, რომ შარშან გავრცელებული Prelude Concept-ის პროექტის საწარმოო მოდელს ევროპის ბაზრისთვის გამოუშვებს. გულშემატკივრების გასახარებლად მწარმოებელი ახალი კუპის დებიუტს Goodwood Festival of Speed-ის ღონისძიებაზე გეგმავს.

ახალ სურათებში წითელი კუპე პირველი თაობის, 1979-82 წლებში გამოშვებული Prelude-ის გვერდით დგას. Honda ამტკიცებს, რომ ახალი მოდელი ჰიბრიდული აგრეგატის მეშვეობით ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური მანქანა იქნება.



მწარმოებელი დეტალებში არ შესულა, თუ რა სახის ჰიბრიდული აგრეგატით წარმოადგენს ახალ მანქანას. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის იმავე e-HEV სისტემით იქნება აღჭურვილი, რითაც აშშ-ს მარკეტზე Civic-ის და Accord-ის მოდელები იყიდება. ეს მანქანები 2.0-ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ძრავებით არის აღჭურვილი, რომელსაც ორი ელექტრო ძრავა ეხმარება.

ავტომოყვარულები კი მოისურვებდნენ ამ მანქანაში Civic Type R-ის 315-ცხენისძალიანი 2-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ეხილათ, მაგრამ მწარმოებელს სხვა გეგმები აქვს. „ჰონდას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პრელუდი“ სპორტული და მხეცური ავტომობილი არ იქნება.


„ახალი Prelude-ი არამხოლოდ უახლესი თავია კომპანიის ჰიბრიდულ ისტორიაში, არამედ ის ჰიბრიდის განვითარების 25 წლის იუბილესაც აღნიშნავს,“ - ამბობს „ჰონდას“ აღმასრულებელი ინჟინერი და პირველ Honda Insight-ის ჰიბრიდზე მიუთითებს.

გაზიარება: