Aa Aa
24 სექტემბერი 2020  |  13:01

10 ფაქტი ლეგენდარულ აირტონ სენაზე: სიმართლე და სიცრუე

ფორმულა 1-ს ლეგენდარული პილოტი აირტონ სენა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. მისი პირადი ცხოვრება და კარიერა გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგაც კი ხშირად ხდება განხილვის თემა. მასზე უამრავ საინტერესო ამბავს მოისმენთ, თუმცა, ყველაფერი როდია სიმართლე.

აქ თქვენ ნახავთ 10 ამბავს, რომელთაგანაც ნაწილი სიმართლეა, მაგრამ ტყუილს ძალიან ჰგავს. ან პირიქით, ტყუილია, მაგრამ შეიძლება სიმართლე გეგონოთ.

1. სენამ რბოლა პრაქტიკულად მუხრუჭების გარეშე მოიგო

სიმართლეა. სრულიად გაცვეთილი მუხრუჭებით რბოლის მოგება თითქმის შეუძლებელია. 1982 წელს სნეტერტონში, ინგლისში Formula Ford ჩემპიონატზე, სენამ ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც ყველაზე გამოცდილი მექანიკოსიც კი შეუძლებლად მიიჩნევდა.

რბოლა პირველ ადგილზე დაიწყო. როცა პირველ წრეზე მომხდარი ავარიის ნარჩენების არიდებას ცდილობდა, შეამჩნია, რომ მის მუხრუჭებს პრობლემა ჰქონდა. რამდენიმე პოზიცია დაკარგა და მოუწია, მართვის ახალ სტილს შეჰგუებოდა.

საბოლოოდ, სენამ ლიდერობის დაბრუნება შეძლო. ფინიშის ხაზი მხოლოდ უკანა მუხრუჭების გამოყენებით გადაკვეთა. მანქანის გაჩერება ტრასის პირველ მოსახვევთან, პიტ-ლეინის შესასვლელთან ახლოს მოუწია. მან მექანიკოსებს მოუყვა, რაც მოხდა. წინა მუხრუჭების დისკები შეამოწმეს. ისინი ცივი იყო და დარწმუნდნენ, რომ სენას მართლაც არ გამოუყენებია.

2. Victory Theme სენას გამარჯვებების გამო შეიქმნა

სიცრუეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა სენას გამარჯვებების ფონზე შეიქმნა, ეს კონკრეტულად სენასთვის არ მომხდარა. ის პირველად 1983 წლის ბრაზილიის გრან პრის პოდიუმისას უნდა ჩართულიყო, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იდგებოდა იქ. სიმღერა გამარჯვებული ბრაზილიელი ნელსონ პიკესთვის ჩაირთო. იმ წელს სენა ჯერ კიდევ ფორმულა 3-ში იყო.

შემდეგ წელს ის ბრაზილიაში ალან პროსტისთვის ჩართეს. მხოლოდ 1986 წელს გახდა ბრაზილიის გრან პრის საუნდტრეკი და მისი გაჟღერების ყველაზე ხშირი მიზეზი კვირა დღეს სენა ხდებოდა ხოლმე. მაგრამ ეს სიმღერა მისი გამარჯვებების გამო ნამდვილად არ შექმნილა.

3. აირტონ სენა თვითონ ფორმულა 1-ს პილოტებმა ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელეს

სიმართლეა. 2009 წლის დეკემბერში ბრიტანულმა გაზეთმა Autosport-მა ფორმულა 1-ს პილოტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მთავარი კითხვა იყო, თუ ვინ მიაჩნდათ მათ ყველა დროის საუკეთესო პილოტად. 217 ხმით აირტონ სენამ პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე მიხაელ შუმახერი გავიდა, მესამეზე კი ხუან მანუელ ფანხიო.

4. სენამ რბოლა ბოლო ადგილას დაიწყო და პირველი ადგილი დაიკავა  

სიცრუეა. სენას ყველაზე ცუდი საწყისი პოზიცია 41 გამარჯვებიდან 1990 წლის ფენიქსის გრან პრიზე მეხუთე ადგილიდან დაწყება იყო. 1988 წელს სუზუკას გრან პრიზე პირველ წრეზე სენა მეთოთხმეტე ადგილზე ჩამოვიდა, მაგრამ რბოლის მოგება მაინც მოახერხა და იმ წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

5. აირტონ სენამ ფინიშის ხაზი მხოლოდ ერთი მოქმედი სიჩქარით გადაკვეთა

სიმართლეა. 1991 წლის ბრაზილიის გრან პრიზე 65-ზე წრეზე სენამ შეამჩნია, რომ მესამე სიჩქარე დაკარგა. მეოთხეში გადართვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიხვდა, რომ გადაცემათა კოლოფი ფუჭდებოდა. ბოლო ოთხი წრე მხოლოდ მეექვსე სიჩქარის გამოყენებით გაიარა.

გულშემატკივრები ანერვიულდნენ. სენასა და მის კონკურენტს შორის მანძილი სულ უფრო მცირდებოდა. მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. არსებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ სენა სიჩქარეს არ რთავს.

6. სენას „ფერარისთან“ კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი

სიცრუეა. მიუხედავად იმისა, რომ „ფერარიც“ და სენაც ამაზე ოცნებობდნენ, ეს არ მომხდარა. სენას „ფერარიში“ გადასვლა ყოველთვის უნდოდა. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ მისი ოცნება კარიერის Maranello Scuderia-ში დასრულება იყო.

კონტრაქტისთვის ხელი არასდროს მოუწერია, თუმცა, ჭორები ვრცელდებოდა, რომ, როგორც კი „უილიამსთან“ კონტრაქტი დასრულდებოდა, ბრაზილიელი მრბოლელი „ფერარიში“ გადავიდოდა. რომ არა მისი ტრაგიკული გარდაცვალება, არავინ იცის, როგორი იქნებოდა დღეს ავტოსამყარო.

7. სენამ რბოლა მეორე ადგილზე მყოფისთვის მთელი წრით გასწრებით მოიგო

სიცრუეა. თუმცა, სენა ამისგან არც თუ ისე შორს იყო. მაგალითად, 1985 წელს პორტუგალიაში, როცა მეორე ადგილზე მყოფ მიქელე ალბორეტოს 1 წუთით და ორი წამით გაასწრო, ხოლო მესამე ადგილოსან პატრიკ ტამბეის ერთი წრით.

ამბობენ, რომ ეს იყო მოტივაცია სენასთვის 1988 წელს მონაკოს გრან პრიზე, როცა მან ლიდერობა გვირაბში შეჯახებისას დაკარგა. მის გუნდელ ალენ პროსტს თითქმის ერთი წუთით უსწრებდა. მიუხედავად იმ რბოლის წაგებისა, სენამ თქვა, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რამაც ის უკეთეს პილოტად აქცია და იმ წელს ტიტული სუზუკას გრან პრიზე მოაგებინა.

8. სენამ რბოლის ყველაზე სწრაფი წრე პიტ-ლეინზე გავლით აჩვენა

სიმართლეა! როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ეს დონინგტონ პარკში 1993 წელს სენას რბოლიდან საუკეთესო მომენტი იყო. გარდა დიდებული პირველი წრისა, როცა მან 5 მძღოლს გადაასწრო და ლიდერობა მოიპოვა, სენა 57-ე წრეზე პიტ-ლეინზე შევიდა, მაგრამ პიტ-სტოპი არ გაუკეთებია.

ეს მანევრი შეფასდა, როგორც არასწორი კომუნიკაცია პილოტსა და „მაკლარენს“ შორის. რადიოს შეცდომით ან სხვა მიზეზით.

იმ დროისთვის პიტ-ლეინზე სიჩქარის ლიმიტი არ იყო. ტაქტიკის გამოყენებით ბრაზილიელმა ტრასაზე რბოლის საუკეთესო დრო აჩვენა.

„ვიცოდი, რომ იქ უფრო სწრაფად გავივლიდი. ამიტომ ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე. მე ვთქვი, თუ პროსტი გამისწრებს, მე მას პიტ-ლეინის გამოყენებით გადავასწრებ“. - თქვა სენამ, როცა ამ თემაზე ხმაური ჩაწყნარდა.

თვითონ რბოლის შემდეგ კი სენამ განაცხადა, რომ პიტ-ლეინზე რადიოს პრობლემის გამო შევიდა.

„ჩვენი რადიო სისტემა წელს სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თითქმის არაფერი მესმის, რასაც მეუბნებიან. მათ სისტემა განაახლეს და ვფიქრობ, რომ ამან ხმის ხარისხის დაკარგვა გამოიწვია. სირცხვილია. ასეთ რბოლებში გუნდთან კარგი კომუნიკაცია გადამწყვეტია“. - განმარტა სენამ.

9. პირველივე რბოლის შემდეგ სენა წვიმაში უკვე ნამდვილი პროფესიონალი იყო

სიცრუეა. კარტინგებზე სენა წვიმაში ცუდ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა, ამან ის უფრო მონდომებული გახადა. როგორც კი სან პაულოში წვიმა წამოვიდოდა, სენა სავარჯიშოდ მაშინვე კარტინგებზე გარბოდა.  

ამ მონდომების და შრომისმოყვარეობის წყალობით, სენა დღეს მსოფლიოში „წვიმის კაცის“ ზედმეტსახელითაა ცნობილი.

10. სენამ პრაქტიკის დროს შუა ტრასაზე ადამიანი გადაარჩინა

სიმართლეა. სენამ 1992 წლის ბელგიის გრან პრის პრაქტიკაზე „მაკლარენი“ შუა ტრასაზე ერიკ კომას გადასარჩენად გააჩერა. კომა კედელს შეეჯახა და სენას დიდხანს არც უფიქრია. ბრაზილიელმა მანქანა გააჩერა და მასთან მიირბინა. მანქანიდან საწვავი ჟონავდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, აფეთქებულიყო. ფრანგი უგონოდ იყო. სენამ ძრავა ჩააქრო და პილოტი გადაარჩინა.  

აირტონ სენაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ეს 10 ფაქტი, მართალიც და მცდარიც, ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდებული იყო ბრაზილიელი. მის ლეგენდარულობაში ეჭვი არავის ეპარება. ის იყო არა მხოლოდ კარგი პილოტი, არამედ კარგი ადამიანიც. ბრაზილიაში ის ნამდვილი გმირია. მისი რბოლის და ადამიანების მიმართ თავდადება არის მიზეზი, რის გამოც ის არა მხოლოდ თავის სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.

გაზიარება: