Aa Aa
14 მაისი 2020  |  14:39

1972-ცხენისძალიანი Lotus Evija-ს ყოვლისშემძლე კონფიგურატორი

Lotus 56B-ს ფორმულა 1-ის ბოლიდი ერთ-ერთი დიზაინის შთაგონების წყაროდ იქცა.

თუ ვინმე გვკითხავს, რომელია ყველაზე ლამაზი 2000-ცხენისძალიანი სუფთა ელექტრონული ჰიპერქარი, ჩვენი პასუხი Lotus Evija იქნება. ბრიტანული ავტომწარმოებლის პირველი სრულიად ელექტრო ჰიპერქარის ფასი $2 მილიონს აღემატება.

გვიხარია, რომ ამ ავტომობილის დიზაინის შემქნელები ელექტრომობილების დიზაინის ახალ შესაძლებლობებს შეისწავლიან, რომელიც ავტომობილის აღნაგობიდან გამომდინარეობს. „ბატარეების და ელექტროძრავების განლაგება უკანა ნაწილის და დიფუზორის შემუშავების ბევრ ვარიაციას იძლევა,“ - ამბობს Lotus-ის დიზაინის ხელმძღვანელი რასელ კარი. „მან „ვენტურის“ გვირაბების შექმნა შესაძლებელი გახადა. 1000-ზე მეტი ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავებს ნაკლები გაგრილება სჭირდება, ვიდრე ანალოგიური სიმძლავრის მქონე შიგაწვის ძრავას, რამაც ავტომობილში ჰაერის ნაკადის უფრო ეფექტურად გატარების საშუალება მოგვცა.“

„ლოტუსი“ 130 Evija-ს წარმოებას გეგმავს, რომლის დაწყება მოგვიანებით წელს არის დაგეგმილი. რამდენიმე წინასწარ შეკვეთილი ავტომობილის მონაცემები უკვე ცნობილია.

როგორც ძვირადღირებული ექსკლუზიური ჰიპერქარის მომავალი მფლობელი, თქვენ ავტომობილის ინდივიდუალური კომპლექტაციის შერჩევას ისურვებთ და როგორც წესი, ეს პროცესი ძალიან მოსაბეზრებელია, მაგრამ არა „ლოტუსის“ შემთხვევაში. Evija-ს კონფიგურატორი სათამაშო ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით არის შემუშავებული, რის შედეგადაც ავტომობილის მაქსიმალურად რეალისტური გამოსახულება მიიღება. Ray Tracing-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, კონფიგურატორში ავტომობილი ნებისმიერ გარემოში ჩასმაა შესაძლებელი, სხვადასხვა პეიზაჟებით და განათებით. 360-გრადუსიან სივრცეში მომხმარებელმა შეიძლება ნახოს, თუ კონკრეტულ გარემოში მისი მომავალი ავტომობილი როგორ გამოიყურება, მის მიერ არჩეული ფერებები დღის სინათლესა თუ ფარნის შუქზე როგორ ირეკლავს და ტონალობას როგორ იცვლის.

Lotus-მა რამდენიმე ახალი ფერი წარადგინა: Atomic Red, Solaris Yellow და Carbon Black - თუმცა ნებისმიერ მომხმარებელს „ლოტუსის“ ნებისმიერი ისტორიული ფერის არჩევა შეუძლია და ბრენდის ისტორიას თუ გადავხედავთ, არც თუ ისე პატარა არჩევანი გამოდის.

სურათებში ასახულია 1971 წლის Lotus 56B ბოლიდის ფერებში აწყობილი Evija. აღნიშნული ბოლიდი კოლინ ჩეპმენის ინჟინრული გენიის ერთ-ერთი განსახიერებაა და გვიხარია, რომ ბრიტანული ავტომწარმოებელი ბრენდის მოყვარულებს თავისი ინოვაციებით კვლავ ანებივრებს.

 

გაზიარება: