ეპოქის დასასრული Cosworth-ში
დღეს Cosworth-ში ეპოქა დასრულდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინგლისური ძრავების ცნობილი მწარმოებელი ორი სხვადასხვა, მილიონობით დოლარად შეფასებული ჰიპერქარისთვის არა ერთ, არამედ ორ V12 ძრავას აწარმოებდა. თუმცა, ახლა, მხოლოდ ერთ მათგანს დასჯერდება.
Cosworth-ი Aston Martin Valkyrie-ის ატმოსფერული V12-ძრავების წარმოებას წყვეტს. ამ ძრავის უკანასკნელმა ეგზემპლარმა ქარხანა უკვე დატოვა და Valkyrie-ის საგზაო მოდელში განთავსდება.
Aston Martin-სა და Cosworth-ს შორის თანამშრომლობა ათწლეულს ითვლის. ამ პერიოდში, კომპანიებმა 257 ძრავა გამოუშვეს, როგორც Valkyrie-ის საგზაო მოდელებისთვის, ასევე სარბოლო ავტომობილებისთვის. თანამშრომლობამ Valkyrie-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდიც მოუტანა, მათ შორის წელს, სილვერსტოუნზე.
Aston Martin Valkyrie სხვა საავტომობილო წარმოებისგან შედარებით განსხვავებულია. Valkyrie „ფორმულა 1“-ის ლეგენდარულმა ინჟინერმა, ადრიან ნიუიმ შექმნა. თუმცა, მის წარმოებაში შეტანილი წვლილი Rimac-ს, Multimatic-სა და Cosworth-საც არ უნდა დავუკარგოთ.
მოდელის საგზაო ვერსია 6.5-ლიტრიანი V12-ძრავითაა აღჭურვილი და 1 001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 780 ნიუტონ მეტრია. ეს ავტომობილი ჰიბრიდულია, რის გამოც მოდელის გამომუშავებას 141 ცხენის ძალისა და 280 ნიუტონ მეტრის ელექტროძრავაც ემატება. საერთო ჯამში, Aston Martin Valkyrie-ის შესაძლებლობები 1 139 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 2.3 წამში აღწევს.
რეალურად, არც არავინ ელოდა, რომ Cosworth-ი Valkyrie-ის V12 ძრავას წარმოებაში „მარადიულად“ დატოვებდა. ის ყოველთვის ლიმიტირებული გამოშვების მოდელი იყო. თუმცა, Valkyrie-ის V12 შიგა წვის ძრავების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რაც ავტომოყვარულთათვის ამ თემას არც თუ ისე სასიამოვნო სიახლედ აქცევს.
საბედნიეროდ, Cosworth-ი Gordon Murray-სთვის ატმოსფერული V12-ების წარმოებას კვლავ გააგრძელებს.