BMW M-ის ინჟინრებმა ელექტრო M2 პროტოტიპი შექმნეს
BMW M თავისი პირველი სრულად ელექტრო მოდელის დებიუტისთვის ემზადება, რაც ბრენდისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. თუმცა სანამ ეს მოხდება, YouTube-ზე ვიდეო სერიები გამოჩნდა, რომელშიც BMW M Electrified-ი, ელექტრომოდელების განვითარების პროცესზე მის ექსკლუზიურ ხედვებს გვიზიარებს. ერთი, რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ BMW M-ის ელექტროვერსიები ოთხი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი.
სერიის პირველი ეპიზოდი "Board Management Drive"-ზე - საიდუმლო ტესტდრაივზეა ფოკუსირებული, რომელშიც კომპანიის ინჟინრები BMW-ის მართვის საბჭოს თავიანთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ნამუშევრებს წარუდგენენ. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან პროექტის მომავალი სწორედ საბჭოს წევრების შეფასებაზეა დამოკიდებული.
ვიდეოში ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ადრეული ელექტროპროტოტიპი წინა თაობის BMW M2-ის (F87) ბაზაზეა შექმნილი. თეთრი მოდელი, რომელსაც ოდნავ განსხვავებული წინა ბამპერი და გამოკვეთილი სპოილერი აქვს, გარეგნულად თითქოსდა სტანდარტული მოდელის მსგავსია. ამ ვიზუალმა გუნდს შესაძლებლობა მისცა ახალი ტრანსმისია და მართვის დინამიკა საჯარო ტრასებზე შეუმჩნევლად გამოეცადა.
ვიდეოში BMW i4-ის ბაზაზე შექმნილი M-ის პროტოტიპიც ჩანს, რომელიც 2022 წლიდან ტესტირებაშია. მოდელი M3/M4-ის კომპონენტებით, ბორბლების ფართო თაღებითა და კარბონის მუხრუჭებითაა აღჭურვილი. მთავარი მახასიათებელი ოთხი ელექტროძრავა და გამძლე შასია.
BMW M-ის გუნდის წევრმა, კარსტენ ვოლფმა, აღნიშნა, რომ ოთხძრავიანი ტრანსმისია ყველა მომავალ BMW M-ში მაღალი წარმადობის საფუძველი გახდება. BMW M-ის მიზანი ელექტრონული სისტემების ცენტრალიზაცია და მართვის გაუმჯობესებაა. მისი თქმით, მოდულარული სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია BMW M-ის მომავლისთვის.