Aa Aa
28 მაისი 2020  |  16:14

6 რჩევა, როგორ ვმართოთ ნისლში ავტომობილი უსაფრთხოდ

ნილსი ჰაერში წვრილ-წვრილ წვეთებად დამდგარი ორთქლია, რომელიც თეთრ-მონაცრისფროდ ფარავს ყველაფერს და ჰაერს გამჭვირვალობას უკარგავს. ის ხელს ყველა სახის ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას უშლის. მართვისას ნისლი მხედველობის არეზე უარყოფით გავლენას ახდენს. მსგავს პირობებში სიარული შესაძლოა ძალიან სახიფათოც აღმოჩნდეს. საფრთხის თავიდან არიდების საუკეთესო გზა მგზავრობისგან თავის შეკავებაა.

არ გასულხართ ჯერ სახლიდან და თავისუფალი დრო გაქვთ? დალიეთ ფინჯანი ჩაი ან ყავა და დაელოდეთ გასასვლელად შესაფერის მომენტს. უკვე გზად ხართ? საუკეთესო გადაწყვეტილება ამ დროს მანქანის სადმე გაჩერება და ლოდინია. მართალია, ეს პრაქტიკული არ არის, მაგრამ ნაკლებად სარისკოა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნისლი შესაძლოა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე-ღამემდე გაგრძელდეს, განსაკუთრებით კი წელიწადის ცივ დროს. თუ ლოდინისთვის დრო არ გაქვთ, მაშინ არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ნისლში სიარულისას უნდა გაითვალისწინოთ.

შეანელეთ

როგორც კი ნისლს შენიშნავთ, შეანლეთ და სარკეები შეამოწმეთ. აკონტროლეთ მანქანის სიჩქარე. ეს რეაგირებისთვის მეტ დროს მოგცემთ იმ შემთხვევაში თუ თქვენს გარშემო მოძრაობა შეჩერდება ან სხვა რამე გაუთვალისწინებელი მოხდება.

თუ მაინც ღელავთ, რომ რაღაც რიგზე არ არის, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი და იქ გაჩერდით, მანამ, სანამ ხილვადობა არ გაუმჯობესდება.

 

ჩართეთ ახლო განათების მაშუქები

ნისლიან პირობებში შორი ნათების მაშუქების სინათლე აირეკლება და მან შესაძლოა ხილვადობა უფრო გაგირთულოთ. ახლო განათების მაშუქები უკეთ დაგეხმარებათ. თუ ხილვადობა 100 მეტრზე ნაკლებია, ნისლსაწინააღდეგო მაშუქები გამოიყენეთ.

თავად აკონტროლეთ მაშუქები

ბევრ მძღოლს ავტომატური მაშუქები აქვს და მათ ენდობა. ნისლში ავტომატურ მაშუქებს ვერ დაეყრდნობით. შეიძლება სწორედ მაშინ არ იმოქმედოს, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ. თქვენი მაშუქები მექანიკურად აკონტროლეთ.

 

იყავით ყურადღებით

იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. სხვა მძღოლი შესაძლოა ნისლსაწინააღდეგო მაშუქებით არ სარგებლობდეს. თუ ხილვადობა შეზღუდული გაქვთ, შესაძლოა სხვა ავტომობილი მოულოდნელად გამოჩნდეს.

დაიცავით მანძილი

წინა მანქანას ზედმეტად არ მიუახლოვდეთ. გამოიყენეთ სამი წამის წესი და დაიცავით მანძილი.

აირჩიეთ წინ რაიმე ობიექტი. დარწმუნდით, რომ მინიმუმ სამი წამი მას არ მიუახლოდებით მას შემდეგ, რაც წინა მანქანა ამ ობიექტს ჩაივლის.

თქვენს უკან მოძრავი მანქანის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. თუ გგონიათ, რომ თქვენს უკან მოძრავი მანქანა ძალიან მოგიახლოვდათ, მისგან თავის დასაღწევად არ აუჩქაროთ. ამან შეიძლება შეჯახება გამოიწვიოს.

მოუსმინეთ

შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე კარგად ვერ ხედავთ, ჩამოსწიეთ ფანჯარა. მოძრაობას მოუსმინეთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ შეანელებთ სარკეები შეამოწმოთ.

თუ ნისლი იმდენად გაძლიერდება, რომ უკვე მთლიანად სმენაზე დაყრდნობა გიწევთ, დრო მოვიდა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი იპოვოთ.

იმედია, ჩვენი რჩევები გაგახსენდებათ, თუ ნისლიან პირობებში მოხვდებით და უსაფრთხო მგზავრობაში დაგეხმარებათ.

გაზიარება: