Tesla-ს რობოტაქსი მომავალ თვეში გამოვა | თუმცა, ეს ის არაა, რასაც ველოდით
Tesla წლებია მომხმარებელს სრულად ავტონომიური რობოტაქსის გამოშვებას ჰპირდება, დანაპირებს კი არ ასრულებს. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, რობოტაქსები უკვე გზაშია და მას მომავალ თვეში უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, Tesla-ს ოპტიმისტური გეგმა ასეთია
თუმცა, რობოტაქსი ისეთი ნამდვილად არ იქნება, როგორისთვისაც Tesla წლები გვამზადებდა. და ამ ეტაპზე, მოდელს არც მასობრივი წარმოებით მივიღებთ. ისინი მხოლოდ შერჩეული ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ამ სიახლის პირველწყარო Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი ადამ ჯონასია. Investors-ის ანგარიშის თანახმად, ის ცოტა ხნის წინ Tesla-ს წარმომადგენლებს შეხვდა და პროცესის მიმდინარეობა განიხილა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრისას ელექტრომობილების გიგანტის წარმომადგენლებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ კომპანია, თავის რობოტაქსის სერვისს მიმდინარე წლის ივნისში გამოუშვებს.
ჯონასის განცხადებით, რობოტაქსების ფლოტი ჯერ მხოლოდ 10-20 მანქანით შემოიფარგლება. ეს ნამდვილად არ არის ის დიდი გახსნა, რომელსაც Tesla აანონსებდა და ბევრიც მისგან ელოდა. მწარმოებელი კი ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი მუშაობის პროცესშია. გამომდინარე აქედან, სერვისი საჯარო გზებზე გაეშვება, მაგრამ მხოლოდ Tesla-ს მიერ მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ სარგებლობა.
შეზღუდული წვდომის ეს სტრატეგია, Tesla-ს საშუალებას მისცემს, თავისი ახალი სერვისი რეალურ პირობებში გამოცადოს და თან, კარგად გააკონტროლოს. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რობოტაქსის მხარდაჭერას ტელეოპერატორები უზრუნველყოფენ. ტელეოპერატორი დისტანციურად მყოფი პირია, რომელიც ჩაერევა მაშინ, როდესაც მანქანა ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდება, რომელთა მართვაც მას ავტონომიურად არ შეუძლია.
ამ პროგრამით, Tesla-ს ღირებული მონაცემების შეგროვება, პოტენციური პრობლემების მოგვარება და სრულად თვითმართვადი (FSD) ტექნოლოგიის დახვეწა სურს. შემდეგ კი, სერვისს უფრო ფართო აუდიტორიისთვის გააფართოებს. მიდგომით, Tesla სერვისის საბოლოო გაშვებამდე ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ნდობასაც გააძლიერებს.