Ford-ი მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს | რომელ მოდელებს შეეხებათ გაწვევა?
Ford Motor-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1.1 მილიონი ავტომობილის უკან გაწვევას აანონსებს. მიზეზი უკანა ხედვის კამერების პროგრამული გაუმართაობაა, რაც ავარიების რისკსაც ზრდის.
ავტომწარმოებლის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით, უკან გაწვევის უახლესი რაუნდი მოიცავს 2021-2024 წლების Bronco, F-150, Edge და 2023-2024 წლების Escape, Corsair, F-250, F-350, F-450, F-550 და F-600 მოდელებ შეეხება. მათ გარდა, უკან გაწვევის რაუნდში მოხვდნენ: 2022-2024 წლების Expedition, 2022-2025 წლების Transit, 2021-2023 წლების Mach-E, Lincoln Nautilus, 2024 წლის Ranger, Mustang და 2022-2024 წლების Navigator მოდელები.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, უკანა ხედვის კამერის პროგრამული გაუმართაობის გამო, გამოსახულება შესაძლოა დაგვიანებული იყოს, ან უბრალოდ გაიყინოს და გაითიშოს. Ford-ის განცხადებით, მცირე ტიპის ავარიის შემთხვევებზე კომპანიაში შეტყობინებები შევიდა. აღნიშნული ინციდენტები ავტომობილების დაზიანების მიზეზიც გახდა.
NHTSA ავტომწარმოებელს ჯერ კიდევ იანვარში დაუკავშირდა და 2021-2023 წლების Ford F-150 ავტომობილების უკანა ხედვის კამერებზე, სამ ათეულზე მეტი საჩივარიც წარუდგინა. აპრილში Ford-ის ინჟინერიის გუნდმა გაუმართაობის გამომწვევი ფაქტორები კონკრეტულ პროგრამულ ვარიანტებს დაუკავშირა.
ახლა უკვე, დილერები ვალდებულნი არიან ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფა დისტანციური მეთოდით განაახლონ. პროგრამული უზრუნველყოფა მართავს როგორც მანქანის ინსტრუმენტთა დაფის ოპერაციულ სისტემას, ასევე ეხმარება მას საინფორმაციო-გასართობ სისტემის აპლიკაციებისა და რუკის მართვაში, სხვა ძირითად საკითხებთან ერთად. მფლობელები შეტყობინებებს 16 ივნისამდე მიიღებენ.