1 000 000 კმ ქარხნული ძრავით
მიუხედავად თანამედროვე ავტო წარმოების სწრაფი ევოლუციისა, რაც დრო გადის, ძველი ავტომობილების მოყვარულები არ ქრებიან. ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც თავისი 4-საბურავიანი მეგობრების ერთგულები რჩებიან.
იუჰა ბაქმანდი ერთი უბრალო ფინელი ადამიანია, რომელიც ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის მთავარი მკვლევარია. მან 1996 წელს ფინეთის BMW-ის სადილეროდან სულ ახალი E39 523 შეიძინა. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ იუჰას და მის BMW 523-ს ისევ უღალატო მეგობრობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილს საღებავი, ინტერიერი, ძრავა, გადაცემათა კოლოფი და ძირითადი საკვანძო აგრეგატები სრულად ქარხნული აქვს და ყველაფერი იდეალურად მუშაობს. 30 წლის განმავლობაში თუ კი რამე ცვეთადი ნაწილი შეიცვალა, ყველაფერი ორიგინალი დეტალით ჩანაცვლდა და ეს ყველაფერი მხოლოდ BMW-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში შესრულდა.
იუჰა დღემდე ინახავს ყველა ბუკლეტს, სერვისის მთლიან ისტორიას და სხვა დანარჩენ დოკუმენტებს, რომლებიც ავტომობილს შესანიშნავი ისტორიის აწყობაში ეხმარება. ბოლო სერვისი ავტომობილს 2025 წლის 6 მაისს აქვს გავლილი. ამ დროისთვის ავტომობილის ოდომეტრზე უკვე 999 625 კილომეტრია დაფიქსირებული.
უბრალოდ წარმოიდგინეთ! 1 000 000 კილომეტრი ქარხნული აგრეგატებით, არანაირი სერიოზული ხარვეზი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იუჰას თქმით ავტომობილს წელიწადში 5-6 თვე ზამთარში, დიდთოვლობაში და -37 გრადუს ყინვაში უწევს სიარული.