Volkswagen-მა Tesla-ს Robotaxi-ის გამოშვება დაასწრო
Volkswagen-ის შვილობილმა კომპანიამ, MOIA-მ, ID-ის საწარმოო ვერსია წარადგინა. თქვენ წინაშე ID. Buzz AD-ია, მოდელი, რომლის შექმნასაც წლები დასჭირდა, თუმცა Tesla-ს მაინც აჯობა და ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თვითმართვადი ელექტრო ფურგონების „პიონერად“ იქცა.
Volkswagen-ის მიერ ფურგონის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, განცხადება Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა და 22 ივნისს ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში Robotaxi-ის საცდელად გაშვება დააანონსა. ეს შესაძლოა დამთხვევა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ თვითმართვადი ავტომობილების მიმართულებით, კონკურენცია მძაფრია. დომინირებისთვის ბრძოლა კი, მწვავდება.
ამ ორ მოდელს შორის, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ თუ Tesla-ს Robotaxi მგზავრების მომსახურებაზე ორიენტირებულ სერვისად იქნება შეთავაზებული, VW-ს MOIA ძირითადად კორპორაციულ მომხმარებლებსა და პროვაიდერებზეა გათვლილი.
Volkswagen-ის მე-4 დონის ავტომობილს, გაფართოებული ბორბლების ბაზა და აწეული სახურავი აქვს. გარდა ამისა, მგზავრებს ფურგონი სმარტფონის გამოყენებით წვდომას აძლევს, მათ შორის ავტომობილის განსაბლოკად. თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებსაა მორგებული მოდელის ინტერიერიც, ჩაშენებული SOS, Support და Start/Stop ღილაკები. MOIA-ს ინფორმაციით, ავტომობილი „კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს.
საინტერესოა, რომ მანქანას მძღოლისთვის სავარძელი და საჭეც აქვს, როგორც ჩანს საჭიროების შემთხვევაში მართვის სადავეების ხელში ასაღებად. თუმცა მაშინ, როდესაც მძღოლის ადგილი არ გამოიყენება, მისი უკან გადაწევაც შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, მთავარი სიახლე ავტონომიური მართვის სისტემაა. MOIA-ს ინფორმაციით, ფურგონს სულ 27 სენსორი, მათ შორის 13 კამერა, ცხრა LiDAR-ი და ხუთი რადარი აქვს. მსგავსი ტიპის აღჭურვილობით, ID. Buzz AD-ს გარემოს 360-გრადუსით აღქმა შეუძლია.
კომპანიას სიახლესთან დაკავშირებით ბევრი დეტალი არ გაუსაჯაროებია. თუმცა განაცხადა, რომ მოდელი საჯარო და კერძო მობილობის პროვაიდერებისთვის იქნება შეთავაზებული. კომპანიის შეფასებით, მათი სერვისი დაფარავს ყველაფერს, ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან დაწყებული, ავტოპარკის კომპანიებით დამთავრებული. არსებული განცხადებებით, აშშ-სა და ევროპაში VW-ის თვითმართვადი სისტემის დანერგვა 2026 წლიდან უნდა დაიწყოს.