Tesla-ს თვითმართვად „რობოტაქსებს“ საგზაო წესების დარღვევისთვის უკვე უჩივიან
ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია Tesla-სგან, ონლაინ ვიდეოების განხილვის შემდეგ, ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკული ელექტრომობილი, რომელიც მძღოლის გარეშე მოძრაობს, არასწორ ზოლში გადაადგილდება. ხოლო კიდევ ერთი „რობოტაქსი“ სიჩქარის შეზღუდვას არღვევს.
აშშ-ის ავტოუსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ინციდენტების შესახებ ისინი ინფორმირებულნი არიან, დამატებითი ინფორმაციისთვის კი, სააგენტოს უკვე დაუკავშირდნენ. ცნობისთვის, NHTSA ავტომწარმოებლებისგან დამატებით ინფორმაციას რეგულარულად ითხოვს მას შემდეგ, რაც მძღოლის დამხმარე სისტემების ან ავტომატიზებული მართვის სისტემების მიერ წესების დარღვევაზე შეტყობინებები შევიდა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციამ (NHTSA) განმარტა, რომ ის წინასწარ არ ამტკიცებს ახალი სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიებს; ამის ნაცვლად, მწარმოებლებმა, როგორიცაა Tesla, უნდა დაადასტურონ, რომ მათი სატრანსპორტო საშუალებები აკმაყოფილებენ ფედერალურ უსაფრთხოების სტანდარტებს. NHTSA მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევა, თუ უსაფრთხოების პრობლემების ან დეფექტების ნიშნები არსებობს.
ვიდეოების განხილვის შემდეგ, რომლებიც აჩვენებს, რომ Tesla-ს „რობოტაქსი“ სავარაუდოდ არასწორ ზოლში მოძრაობს და სიჩქარეს აჭარბებს, NHTSA ახლა Tesla-სგან დამატებით ინფორმაციას აგროვებს, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა უსაფრთხოების პოტენციური პრობლემა. შესაბამის ზომებს ადმინისტრაცია ამის შემდეგ მიიღებს.
ცნობისთვის, Tesla-ს „რობოტაქსები“ ოსტინში რამდენიმე დღის წინ გაეშვა. თვითმართვადი ავტომობილების სერვისი მხოლოდ მგზავრთა შერჩეულ ნაწილს ემსახურება. თითოეულ Robotaxi-ს „უსაფრთხოების მძღოლი“ ახლავს, რომელიც მგზავრის სავარძელში ზის.
სერვისი კვირაში შვიდი დღე, დილის 6:00 საათიდან შუაღამემდე ემსახურება მგზავრებს, ტარიფი კი, ჯერ საკმაოდ დაბალია და $4.20-ს შეადგენს. ცნობისთვის, ცუდი ამინდის პირობებში, „რობოტაქსის“ მოძრაობა აკრძალულია. სერვისი Waymo-ს მსგავსად მუშაობს. მომხმარებლებმა „რობოტაქსის“ აპლიკაცია უნდა გადმოწეროთ და მისი საშუალებით ტაქსი გამოიძახონ.