გორის გვირაბში მოძრაობა იზღუდება | რა უნდა ვიცოდეთ?
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, მომდევნო დღეებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემდეგი გეგმით შეიზღუდება: „2025 წლის 21 ივლისის 23:00 სთ-დან 22 ივლისის 07:00 სთ-მდე და 22 ივლისის 23:00 სთ-დან 23 ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 ივლისის 23:00 სთ-დან 24 ივლისის 07:00 სთ-მდე და 24 ივლისის 23:00 სთ-დან 25 ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
ხოლო საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.